ხოჭოლავა უკრაინელებმა გამოარჩიეს - ქართველი წრის სიმბოლურ ნაკრებშია
დათა ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. დონეცკის „შახტარის“ ცენტრალური მცველი საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა – upl.ua–მ დააასახელა.
უკრაინის ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობს და გათამაშების პირველი წრეში ჩატარებული 11 ტურის შედეგები, „ინსტატ პროგრამის“ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეჯამდა. სიმბოლური გუნდი სწორედ აღნიშნული მაჩვენებლების საფუძველზე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ 11 მოთამაშიდან რვა „შახტარის“ წევრია, ორი – „მარიუპოლის“, ხოლო კიევის „დინამოდან“ კი მხოლოდ ერთი ფეხბურთელია.
დავით ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში რვაჯერ ითამაშა, ყველა შეუცვლელად და ანგარიშზე ერთი გოლი ჩაიწერა. „შახტარმა“ პირველ წრეში 28 ქულა დააგროვა და კონკურენტ კიევის „დინამოს“ 2 ქულით ასწრებს.