დათა ხოჭოლავა და „კოპენჰაგენი“ დანიის ჩემპიონია. ქართველი მცველის გუნდმა წარმატებას ქვეყნის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩის მოგებით მიაღწია.
„კოპენჰაგენი“ საჩემპიონო ექვსეულის მე-10 ტურში „პარკენ არენაზე“ „ორჰუსს“ დაუპირისპირდა – ქართველის გუნდს ჩემპიონობის მოსაპოვებლად „ორჰუსთან“ ქულაც აწყობდა. ამჯერად ხოჭოლავა, რომელიც გუნდის ვიცე-კაპიტანია განაცხადში არ იყო, მისმა გუნდმა კი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა 3:0.
გაიმარჯვა „კოპენჰაგენის“ კონკურენტმა „მიდტიულანდმაც“, რომელმაც 3:2 სძლია „რანდერსს“, მაგრამ 65 ქულა დააგროვა, დედაქალაქის გუნდს სამი ქულით ჩამორჩა და „კოპენჰაგენი“ 68 ქულით ჩემპიონი გახდა – ისტორიაში მეთოთხმეტედ და ახალ ევროსეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
დათა ხოჭოლავა „კოპენჰაგენში“ სეზონის დასაწყისში დონეცკის „შახტარიდან“ გადავიდა – საქართველოს ნაკრების მცველმა დანიის ჩემპიონის შემადგენლობაში ჩემპიონატსა და ევროსარბიელზე 34 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.