დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეორე ადგილზეა #1TVSPORT
დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეორე ადგილზეა #1TVSPORT

დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბოლომდე იბრძოლა. სანახაობრივ და უხვგოლიან დაპირისპირებაში დანიურმა გუნდმა 4:3 გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მცველმა ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა გამოტოვა, რადგან ისევ ტრავმირებულია და ოპერაცია სჭირდება. მატჩი კი ინგლისელების დიდი უპირატესობით დაიწყო, პირველივე ტაიმში რასმუს ჰოილუნის (3, 28) დუბლით „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:0 დაწინაურდა.

42-ე წუთზე უხეშობისთვის არბიტრმა „მანჩესტერის“ თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი გააძევა, დანიელებმა კი ელიუნუსისა (45) და გონსალვეშის (45+9) გოლებით ანგარიში გაათანაბრეს.

კაცნაკლულმა ინგლისელებმა 69-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშის პენალტით დაწინაურება მაინც შეძლეს, მაგრამ დანიელები არ ჩერდებოდნენ. 83-ე წუთზე ლერაგერიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო „კოპენჰაგენს“ მოგება 87-ე წუთზე 17 წლის რუნი ბარდჯის გოლმა მოუტანა.

„კოპენჰაგენმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო და ოთხი ტურის შემდეგ ოთხი ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერი კი მიუნხენის „ბაიერნია“ 12 ქულით.