დავით ხოჭოლავა დანიაში საქართველოს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ელჩი გახდა.
საქართველოს ნაკრების მცველი ამჟამად დანიის ჩემპიონ „კოპენჰაგენში“ თამაშობს და გუნდის ვიცე-კაპიტანია. თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების დანიურ კლუბებში მოხვედრის ხელშეწყობაა.
დავით ხოჭოლავა ფონდის მეორე ელჩია. შეგახსენებთ, რომ პირველი სპორტსმენი, რომელთანაც საქართველოს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ანალოგიური ხელშეკრულება გააფორმა, ზაზა ფაჩულია იყო.
ხელშეკრულება „საბურთალოს“ სტადიონ „ბენდელაზე“ გაფორმდა, სადაც დათა ხოჭოლავამ კარიერა დაიწყო და ბავშვებთან ერთად ივარჯიშა.
„გვიხარია, რომ ფონდის არეალი ევროპაში ფართოვდება და რომ სახელოვანი ქართველი სპორტსმენები ჩვენი ელჩები იქნებიან. უშუალოდ დათას მონაწილეობით მოხდება დანიური გუნდის მოწვევა ფონდის მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე, ხოლო „კოპენჰაგენის“ ორგანიზებულ გათამაშებებში „საბურთალოს“ ასაკობრივ გუნდებს მიიწვევენ. ასევე მისი დახმარებით შესაძლებელი გახდება სხვადასხვა სახის თანამშრომლობა, შესაძლოა, ნიჭიერი ფეხბურთელები გავუშვათ. ეს პრეცედენტი იქნება, რომ წარმატებულმა სპორტსმენებმა ტალანტების წინსვლას ხელი შეუწყონ. ეს ჩვენთვის სასიამოვნო ფაქტი და მადლიერების ჟესტია, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა აღზრდილმა თავის კლუბს მადლობა ასე გადაუხადა. ეს თანამშრომლობა ქართული ფეხბურთის სიძლიერესაც წაადგება, რომლის გამორჩეული წარმომადგენლები საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს ასე ახარებენ ქართველ გულშემატკივრებს. ცნობისთვის გეტყვით, რომ ეროვნულ გუნდში ბოლო შეხვედრებში „საბურთალოს“ 8 აღზრდილმა ითამაშა. ჩვენი გუნდი ასაკობრივ ნაკრებებშიც ღირსეულად არის წარმოდგენილი. ეს „საბურთალომ“ ერთ სტადიონზე, „ბენდელაზე“ შეძლო და დარწმუნებული ვარ, ინფრასტრუქტურის განვითარებით, ქართულ ფეხბურთს კიდევ უფრო მეტად დავუდგებით გვერდში“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საერთაშორისო ფონდის და „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.