ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ კონკურენტთან ქულა მოიპოვა - დავითაშვილის „ბორდო“ დამარცხდა #1TVSPORT
ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ კონკურენტთან ქულა მოიპოვა - დავითაშვილის „ბორდო“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ტენერიფეს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0. ლა ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი კონკურენტების შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან ორივე გუნდი ამ ტურამდე 22-22 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებზე იმყოფებოდა.

ქართველი ნახევარმცველი ვალენსიელების განაცხადში იყო, მოედანზე კი 69-ე წუთზე გამოჩნდა და თამაშში კარგად ჩაერთო. საბოლოოდ, „ლევანტემ“ 23 ქულით მესამე ადგილი შეინარჩუნა და დამატებითი მაჩვენებლებით „ტენერიფეზე“ წინ არის.

დანიის სუპერლიგაში „კოპენჰაგენმა“ „ვეილე“ 2:1 დაამარცხა და 12 ტურის შემდეგ, 26 ქულით, ჩემპიონატში გალიდერდა. დავით ხოჭოლავა გამარჯვებულების განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-11 ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „ანჟეს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველი შემტევი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.

33-ე წუთზე ანგარიში ჯოზეფ ლოპიმ გახსნა, ხოლო მასპინძლების უპირატესობა მე-60 წუთზე ჟან ბაჰოიამ გაზარდა. ამ წაგებით „ბორდო“ (11 ქულა) მე-15 პოზიციაზე დაქვეითდა.