1962 წელს შვიდკაცა ხელბურთში საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი კაუნასში გაიმართა. პირველობისთვის ათი გუნდი იბრძოდა. მათ შორის იყო თბილისის „ბურევესტნიკი“. გადამწყვეტი შეხვედრა „კაუნასის“ წინააღმდეგ ჩავატარეთ, მანამდე კი ზედიზედ რვა მატჩი მოვიგეთ – იხსენებდა ლეგენდარული ჯემალ ცერცვაძე და იქვე დასძენდა, რომ ჩემპიონობისთვის ფრეც საკმარისი იყო.
შეხვედრის მსვლელობისას თბილისური გუნდის მეკარეს, ჯემალ აბაიშვილს თურმე თვალებში პროჟეტქორებიც კი მიანათეს, ბურთი რომ ვერ დაენახა, მაგრამ მატჩი ფრედ დასრულდა და „ბურევესტნიკი“ საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონი გახდა. იმ დროს გუნდის ღირსებას ჯემალ ცერცვაძესთან ერთად იცავდნენ ჯემალ აბაიშვილი, თამაზ ანთაძე, ანზორ ექსეულიძე, იმედო ფხაკაძე, ლერი კარტოზია, ჯანო ბაგრატიონი, გარი მაჭავარიანი…
„ბურევესტნიკმა“ მეორედ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა 1964 წელს იზეიმა.
საქართველოში ხელბურთის თამაში მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყეს, 1928 წელს ამიერკავკასიის გუნდმა სპარტაკიადაზე მიიღო მონაწილეობა. მერე პაუზა იყო, საქართველოში ხელბურთმა აღმასვლა 50-იანი წლებიდან დაიწყო და 1956 წლიდან ქართველი ხელბურთელები აქტიურად თამაშობდნენ სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე, მათ შორის 1957 წელს მოსკოვში გამართულ ახალგაზრდობის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე საბჭოთა კავშირის ხელბურთელთა ნაკრები გუნდის ღირსებას თბილისელი მეკარე არტურ რატიანიძე იცავდა.
1961 წლის 17 მაისს თბილისის სპორტის სასახლის გახსნის შემდეგ იქ პირველი მატჩი თბილისის „ბურევესტნიკმა“ უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 26:19 იმარჯვა. იმ შეხვედრაში 9 ბურთი ჯემალ ცერცვაძემ გაიტანა.
იმ დროისთვის საქართველოში ხელბურთი უკვე იმდენად პოპულარული იყო, რომ თბილისის სპორტის სასახლეს ხელბურთის მატჩების დროს ცხენოსანი მილიცია იცავდა.
ჯემალ ცერცვაძე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1958 წელს მიიწვიეს. შვიდკაცა ხელბურთის გუნდის შემადგენლობაში პირველად 1961 წლის იანვარში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და ორი შეხვედრის შემდეგ მის ანგარიშზე 12 გოლი იყო.
ჯემალ ცერცვაძე ხელბურთში კალათბურთიდან მოვიდა. თბილისის რკინიგზის საშუალო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე იყო, როდესაც გრიშა ზახლიანმა კალათბურთის სექციაში ჩაწერა, ორი წლის შემდეგ თბილისის ნაკრები, რომლის ღირსებასაც ჯემალ ცერცვაძე იცავდა, მოსკოვს გაემგზავრა და რკინიგზის სკოლების საკავშირო პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა. ამ გუნდმა საბჭოთა ჩემპიონატის ოქროს მედლები კიდევ ორჯერ მოიპოვა. სკოლის დასრულების შემდეგ, კერძოდ კი 1957 წელს ჯემალ ცერცვაძე ლეგენდარულმა მწვრთნელმა გიორგი ავალიშვილმა თბილისის „დინამოში“ სათამაშოდ მიიწვია.
შემდეგ ხელბურთზე გადავიდა და სპორტის ეს სახეობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ათასობით გულშემატკივარი ყველგან მის მიერ დარტყმული პენალტების მოლოდინში იყო. თერთმეტრიანებსაც ორიგინალურად ასრულბდა – ბუმბულივით მოიქცევდა ბურთს ხელში და მეკარეებს მტევნის მოძრაობით ატყუებდა – ისინი, რომ ერთ მხარეს გადახტებოდნენ, ბურთი მეორე მხრიდან უკვე კარში იყო გასული.
იმედო ფხაკაძე ხუმრობდა ხოლმე – ჯემალის ვეება ტორი არათუ ბურთს, შამპანურის ორ სავსე ბოთლსაც იჭერდაო.
ის ფენომენალური მოთამაშე იყო, მოედანზე ყოველთვის დახვეწილი ტექნიკით და განუმეორებელი, ორიგინალური მანერით გამოირჩეოდა და სწორედ ამიტომ 1966 წელს დანიაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც სპეციალისტებმა მსოფლიოს მცირე ჩემპიონატიც კი უწოდეს ჯემალ ცერცვაძეს „ხელბურთის პელე“ შეარქვეს.
ჯემალ ცერცვაძე ყოფილ საბჭოეთში პირველი იყო ვინც 1980 წელს გლდანში ოლიმპიური რეზერვის ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა დააარსა, მშენებლობასაც თავად უხელმძღვანელა და ეს სკოლა დღემდე მისი სახელის მატარებელია.
იმედია, სულ მალე თბილისში ლეგენდარული ხელბურთელის სახელობის ქუჩაც იქნება და მის საცხოვრებელ სახლს მემორიალური დაფაც დაამშვენებს.
ქართული ხელბურთის ლეგენდა ჯემალ ცერცვაძე 2019 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა.
ჯემალ ცერცვაძე თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“ (1958-1975 წლებში) და საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1959-1972 წლებში).
საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1962,1964). სამგზის მეორე (1965,1966,1967) და მესამე (1963) პრიზიორი.
1962-1971 წლებში ჯემალ ცერცვაძე ზედიზედ ათჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.
სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, მათგან 1964 და 1967 წელს ის მსოფლიოს ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს.
ჯემალ ცერცვაძე სამჯერ მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
ჯემალ ცერცვაძემ საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით 78 მატჩი ითამაშა და 276 გოლი გაიტანა.