ხარაიშვილმა შესანიშნავად ითამაშა - ქართველის პენალტი და გოლი შვედეთში [ვიდეო]
ზედიზედ მეორე მატჩშია, გიორგი ხარაიშვილს შვედეთის ჩემპიონატში გოლი გააქვს. ამჯერად საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა თავი „სირიუსთან“ გასვლით შეხვედრაში გამოიჩინა.
ხარაიშვილის გუნდი, „გიოტებორგი“ შვედეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში აუტსაიდერ „სირიუსს“ ესტუმრა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, მაინც დამარცხდა.
ეს უპირატესობა ხარაიშვილის დამსახურება იყო: მე-12 წუთზე მისი წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც ემილ სალომონსონმა გოლად აქცია, 37-ე წუთზე კი გოლი თავად ქართველმა გაიტანა: მცველის მოგერიებული ბურთით გიორგი საკუთარი მოედნიდან დაიძრა, ორი მცველს გასცდა, მეტოქის მოთამაშეებს შორის ბურთი გააძვრინა და თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა.
თუმცა, „გიოტებორგმა“ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, მეორე ტაიმში სამი გოლი გაუშვა და 2:3 დამარცხდა. 21 წლის ნახევარმცველმა შვედეთის ჩემპიონატში 11 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა, „გიოტებორგი“ კი 16 ქულით მე-12 ადგილზეა.