გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის მესამე ტურში მოედნიდან გააძევეს. ალსვენსკანში ქართველი შემტევის გუნდი „გიოტებორგი“ „დიურგარდენს“ ესტუმრა და დამარცხდა.
ქართველ ლეგიონერს არბიტრმა პირველი ყვითელი ბარათი 55-ე წუთზე აჩვენა, 67-ზე უხეშობისთვის მეორედაც გააფრთხილა და მოედნიდან გააძევა. ამ დროისთვის „გიოტებორგი“ 0:1-ს აგებდა და ამის მიუხედავად, 82-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. თუმცა, ბოლოსკენ მეორედ გაუშვა და 1:2 დამარცხდა.
საინტერესოა, რომ ხარაიშვილი შვედეთში ორი წელია თამაშობს და აქამდე არათუ წითელი ბარათი, ყვითელიც არ ჰქონდა მიღებული. სულ კი ექვსწლიან პროფესიულ კარიერაში ხარაიშვილი მოედნიდან მეორედ გააძევეს.