კელი დეგნანი - ძალიან მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, საქართველო არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და მჭიდროდ ვახორციელებთ ამის მონიტორინგს
ძალიან მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, საქართველო არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და მჭიდროდ ვახორციელებთ ამის მონიტორინგს, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.
კელი დეგნანს მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვა დაუსვეს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დეგნანის თქმით, აშშ-ისთვის მთავარია, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად.
„მე გავიგე ზარების შესახებ და მე ვიხილე მრავალი განსხვავებული პასუხი და განმარტება. აშშ-ისთვის მთავარია, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციებს აქვს შედეგი, ისინი მუშაობენ. პირველი საკითხი, რომელსაც რუსები აყენებენ, როდესაც საუბარია ცეცხლის შეწყვეტაზე, არის სანქციების მოხსნა. ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ შედეგი და ისინი მუშაობს. ისინი იმუშავებს ყველაზე კარგად, რათა აიძულოს პუტინი, შეაჩეროს მის მიერ დაწყებული ომი, თუ ყველა იქნება ერთიანი სანქციების შესრულებაში. ძალიან მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვახორციელებთ ამის მონიტორინგს.
ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა ომის დასასრულებლად, ყოველ შემთხვევაში, არ გაფართოვდეს, ეს არავის უნდა. არავის სურს, რომ საქართველო იყოს ამ ომის სამიზნე. მე ბევრ პოლიტიკურ ლიდერს ვესაუბრე, არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არც ერთი პოლიტიკური პარტიიდან არ უსაუბრია საქარველოს ომში ჩაბმაზე. ერთმანეთზე თავდასხმა, ერთმანეთისთვის მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი არის სწორედ ის, რაც საქართველოს არ სჭირდება. საქართველოს ახლა ერთიანობა სჭირდება ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში, რუსეთის წინააღმდეგ. ერთმანეთში ბრძოლა, ქართველების ქართველებთან ბრძოლა მხოლოდ რუსეთს ეხმარება. ასე რომ, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები იცხოვრებენ თავიანთი მოდელით „ძალა ერთობაშია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.