კატარში მესისთან დაპირისპირებულ ავსტრალიელს თბილისში უთამაშია - მისი „ბურსასპორი“ „ჩიხურამ“ დაამარცხა #1TVSPORT
შაბათს ღამით ავსტრალია მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა მას შემდეგ, რაც მერვედფინალში ლიონელ მესის არგენტინასთან დამარცხდა. „კენგურუებმა“ მე-4 ჯგუფში კარგად ითამაშეს საფრანგეთის, დანიისა და ტუნისის წინააღმდეგ და 6 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს.
ავსტრალიელებს შორის იყო აზიზ ბეჰიჩი, რომელიც წუთითაც არ შეუცვლიათ, ოთხივე მატჩში ავსტრალიელთა საკვანძო მოთამაშე იყო. ერთ-ერთ ეპიზოდში კი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ლეო მესისთან კონფლიქტი მოუვიდა და მასზე გაიწია.
მიუხედავად იმისა, რომ ბეჰიჩის მშობლები მელბურნში დაიბადნენ, ისინი კვიპროსიდან ემიგრირებული თურქები არიან. მას შეეძლო არჩევანის გაკეთება ავსტრალიისა და თურქეთის ნაკრებებს შორის. მაგრამ 2012 წელს არჩევანი პირველზე შეაჩერა და მას შემდეგ ავსტრალიის ნაკრებში 55 მატჩი ჩაატარა.
დღეს ის თამაშობს შოტლანდიურ „დანდიში“, ხოლო წარსულში გამოდიოდა თურქულ „ბურსასპორში“ (2013-18), „ბასაქშეჰირში“ (2019-20), „კაისერისპორში“ (2020-21) და „გირესუნსპორში“ (2021-22).
საინტერესოა, რომ ბეჰიჩმა 2014 წელს თურქულ „ბურსასპორის“ 23-ნომრიანი ფორმით ევროპის ლიგაზე ითამაშა საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ – ორივე მატჩი, 17 ივლისს თურქეთში და 24 ივლისს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 0:0 დასრულდა. ამიტომ განმეორებით დაპირისპირებაში თბილისში პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც „ჩიხურამ“ 4:1 მოიგო.
ავსტრალიის ნაკრების მცველი საჩხერელების წინააღმდეგ აქტიური იყო, მისი გადაცემით მეორე ტაიმში, 46-ე წუთზე თურქებმა კინაღამ გოლი გაიტანეს. მაგრამ საბოლოოდ, გუნდს ვერ დაეხმარა და მოედანი დამარცხებულმა დატოვა.