„ტორპედომ“ თამაში ბოლო წამზე გადაარჩინა
„ტორპედომ“ თამაში ბოლო წამზე გადაარჩინა

ეროვნული ლიგის მესამე ტური ქუთაისში გამართული სანახაობრივი მატჩით დასრულდა, სადაც ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების აუტსაიდერები შეხვდნენ: „რამაზ შენგელია – არენაზე“ „ტორპედომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ქულა ბოლო წამებზე გამოგლიჯა.

რადგან ეროვნული ლიგის მატჩებზე ჯერ ტრიბუნაზე მაყურებელს არ უშვებენ, ქუთაისელ გულშემატკივრები თამაშს „პიონერთა პარკში“ დიდი ეკრანზე უყურებდნენ და გუნდს ერთად უქომაგეს.

სტადიონზე გამოფენილი იყო ბანერი „არავინ და არასდროს იქნება დავიწყებული“ – ქუთაისელმა გულშემატკივრებმა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ეროვნული ლიგის მედია მენეჯერის კახა შალამბერიძის და „საბურთალოს“ ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ეროვნული ლიგის პირველ ორ ტურში ქულა მხოლოდ ამ ორმა გუნდმა ვერ მოიპოვა და შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ანგარიში პირველ ტაიმში საჩხერელებმა გახსნეს – მე-18 წუთზე სტუმრები გიორგი ბუხაიძემ დააწინაურა.

ქუთაისელებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი 48-ე წუთზე მიეცათ, მაგრამ „ტორპედოს“ კაპიტნის, ვაჟა ტაბატაძის შესრულებული პენალტის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. საჩხერელებმა შეტევა წამოიწყეს, 49-ე წუთზე მეკარის უხეში შეცდომით შოთა გვაზავამ ისარგებლა და „ჩიხურა“ უფრო სოლიდური უპირატესობით დააწინაურა – 0:2.

ქუთაისელები არ დანებდნენ, იბრძოლეს და 64-ე წუთზე გიორგი ფანცულაიას გოლით სხვაობის შემცირება მოახერხეს, ხოლო 94-ე წუთზე ფანცულაიამ დუბლი შეასრულა, წონასწორობა აღადგინა და გუნდს ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა გიორგი ივანიშვილმა შეასრულა, მატჩი კი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

სამი ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი ქულა მოიპოვა, ისევე როგორც საჩხერეს „ჩიხურამ“, მაგრამ ჯერ ეს გუნდები სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილებზე არიან.