ეროვნული ლიგა განახლდა - „ლოკომოტივმა“ დამაჯერებლად მოიგო
ეროვნული ლიგა განახლდა - „ლოკომოტივმა“ დამაჯერებლად მოიგო

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება მე-11 ტურის შეხვედრებით განახლდა – თბილისის „ლოკომოტივმა” საჩხერის „ჩიხურა“ მიიღო და მოულოდნელად, დიდი ანგარიშით დაამარცხა.

თბილისელთა გამარჯვება ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, რომ არა ეს ფაქტი – გუნდს ის 7 მოთამაშე აკლდა, რომლებიც წინა დღეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებს ლიხტეინშტაინთან ამ ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ მატჩზე ესხენში იმყოფებოდნენ – მეკარე გიორგი მამარდაშვილი, მცველები ცოტნე კაპანაძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი-ჯემალ ჯინჯოლავა, ნახევარმცველები დავით სამურკასოვი, ბექა დარცმელია და თორნიკე ძებნიაური.

ანგარიში 21-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა ნიკა ჭანტურიას პასით გახსნა და „ლოკომოტივი“ დააწინაურა. მაგრამ მალე საჩხერელთა ფორვარდმა გიორგი ბუხაიძემ (35) წონასწორობა აღადგინა. თბილისელებმა გადამწყვეტ უპირატესობას მეორე ტაიმში მიაღწიეს. დათო კირკიტაძემ (66), ნიკა სანდოხაძემ (77 – ულად-ომარ იმრანის პასით) და ირაკლი სიხარულიძემ (86 – სანდრო კობახიძის პასით) კიდევ სამი გოლი გაიტანეს და „ლოკომოტივმა“ 4:1 მოიგო.

მე-11 ტურის დანარჩენი მატჩები 12 და 13 სექტემბერს გაიმართება – მთავარი მატჩი ქუთაისში შედგება. შაბათს, 12 სექტემბერს, ბათუმის „დინამო“ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს.