რეკორდი ეროვნულ ლიგაში - „ჩიხურა“-„საბურთალო“, როგორც „ბარსელონა“-„ბაიერნი“
რეკორდი ეროვნულ ლიგაში - „ჩიხურა“-„საბურთალო“, როგორც „ბარსელონა“-„ბაიერნი“

ეროვნული ლიგის მე-10 ტურში მორიგი შეხვედრა საჩხერეს „ჩიხურასა“ და „საბურთალოს“ შორის გაიმართა და სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

თბილისის „მიხეილ მესხი – არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უჩვეულოდ უხვგოლიანი გამოდგა და 7 გოლი გავიდა. „საბურთალომ“ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ანგარიში მე-3 წუთზე დაჩი ცნობილაძის გოლით გახსნა. თითო გოლი კენიელმა ელვინ ტერამ და ნიდერლანდელი ჯეროენ ლუმუმ გაიტანეს, ხოლო ბექა ქავთარაძე ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა. საჩხერელებიდან თავი ეფექტური გოლით ბესიკ დეკანოიძემ გამოიჩინა და ტაიმი „საბურთალომ“ 6:1 მოიგო.

მეორე ტაიმში სტუმრებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს – ალექსანდრე ტეფნაძემ ავტოგოლი დააფიქსირა, ხოლო გაგი მარგველაშვილმა თავი ეფექტური დარტყმით გამოიჩინა. მას საგოლე პასი გუნდის ახალწვეულმა, კამერუნის ნაკრების შემტევმა ოლივიე ბუმალიმ გადააწოდა. საბოლოო ანგარიში კი საჩხერელთა ნახევარმცველმა ლაშა ჩიკვაიძემ 90-ე წუთზე დააფიქსირა.

საბოლოოდ, „საბურთალომ“ სწორედ იმ ანგარიშით მოიგო, როგორითაც „ბაიერნმა“ „ბარსელონასთან“ – 8:2, რაც სეზონის შედეგიანობის რეკორდია. თბილისურმა გუნდმა 10 ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვა, „დინამო თბილისს“ გაუთანაბრდა და მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ხოლო საჩხერეს „ჩიხურა“ 5 ქულით მე-9 ადგილზე დარჩა.

შემდეგ შეხვედრას „საბურთალო“ 27 აგვისტოს ლიმასოლის „აპოლონთან“ გამართავს – ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიას „ჯი ეს პი” სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პანდემიის გამო, წლევანდელი ევროტურნირების მატჩები ერთრაუნდიანი იქნება. საწყის ეტაპზე საერთაშორისო შეხვედრები უმაყურებლოდ ჩატარდება.