კატარი 2022 | პლეი-ოფის ორი წყვილი გაირკვა - ნიდერლანდები-აშშ, ინგლისი-სენეგალი [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | პლეი-ოფის ორი წყვილი გაირკვა - ნიდერლანდები-აშშ, ინგლისი-სენეგალი [ვიდეო] #1TVSPORT

კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე განსაკუთრებული ყურადღება B ჯგუფის გუნდებისკენ იყო მიპყრობილი. ინტერესი მხოლოდ სპორტული არ იყო, რადგან ამ ჯგუფში ინგლისი, უელსი, აშშ და ირანი თამაშობდნენ.

ბოლო ტურში ინგლისი უელსს დაუპირისპირდა, ირანი – აშშ-ს. საბოლოოდ, ყველაფერი ყოველგვარი ექსცესების გარეშე, სპორტულად დასრულდა და ჯგუფიდან დამსახურებულად გავიდნენ ინგლისი და აშშ.

 

ჯგუფიდან გამსვლელი მეორე ადგილის დაკავების რეალური შანსი ჰქონდა როგორც ირანს, ასევე აშშ-ს. საამისოდ ირანელებს ფრე სჭირდებოდათ (თუ მეორე მატჩში ინგლისი არ წააგებდა), ამერიკელები კი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გავიდოდნენ პლეი ოფში.

ეს საკმარისზე მეტი მოტივაცია აღმოჩნდა აშშ-ის ნაკრებისთვის, რომელმაც პირველი ტაიმი შეტევებში გაატარა და დაუფასდა კიდეც – ანგარიში პულიშიჩმა გახსნა, თუმცა გოლის მომენტში ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

ირანს მთელი მეორე ტაიმი ჰქონდა ერთი გოლის გასაქვითად და პლეი-ოფში გასასვლელად, მაგრამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, მიზანს ვერ მიაღწია, მატჩი 1:0 დასრულდა და 1/8 ფინალში აშშ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

 

 

ინგლისმა ამ მატჩშიც დაამშვიდა გულშემატკივრები. თითქმის მთელი თამაში  შეტევებში გაატარა და ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის დასაწყისში ერთმანეთის მიყოლებით ორი გოლი გაიტანა.

მათმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა მალევე შეცვალა სამი გამორჩეული ფეხბურთელი – ალექსანდერ-არნოლდი, რაისი და კეინი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მწვრთნელი პლეი-ოფსა და სენეგალთან დაპირისპირებაზე ფიქრობდა.

ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა მარკუს რეშფორდმა, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირთა სამეულს შეუერთდა: მარკუსის გარდა, სამ-სამი გოლი აქვთ გატანილი ეკვადორელ ვალენსიას, ნიდერლანდელ გაკპოსა და ფრანგ მბაპეს.

B ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 21.11.2022 17:00 ინგლისი-ირანი 6:2
I ტური 21.11.2022 23:00 აშშ-უელსი 1:1
II ტური 25.11.2022 14:00 უელსი-ირანი 0:2
II ტური 25.11.2022 23:00 ინგლისი-აშშ 0:0
III ტური 29.11.2022 23:00 ირანი-აშშ 0:1
III ტური 29.11.2022 23:00 უელსი-ინგლისი 0:3

 

B ჯგუფი
1 ინგლისი 3 2 1 0 9-2 7
3 აშშ 3 1 2 0 2-1 5
2 ირანი 3 1 0 2 4-7 3
4 უელსი 3 0 1 2 1-6 1