კატარი 2022 | ესპანეთის კარში იაპონიის მეორე გოლამდე ბურთმა მოედნის ხაზი არ გადაკვეთა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატებზე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებების ვრცელ სიაში იაპონია-ესპანეთის მატჩში ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრების მეორე გოლიც დაემატება.
იაპონიის ნაკრებმა კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. იაპონიის ნაკრების მეორე გოლი საკამათო იყო.
ფოტოზე ისე ჩანს, რომ ბურთმა, სანამ მას მიტომა შეეხო და ტანაკას საგოლე გადაცემა გაუკეთა, მოედანი დატოვა. თუმცა, მსაჯებმა ვიდეოგადამოწმებისას დაადგინეს, რომ ბურთის პროექცია ხაზს შეეხო.
ექსპერტების თქმით, პროექციიდან ირკვევა, რომ იაპონიის ნაკრების გოლამდე ბურთი მინდორზე დარჩა. დიახ, მანძილი მცირეა – მილიმეტრები, მაგრამ ახალი წესებით ასეა.
იაპონელებმა სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულა დააგროვეს და E ჯგუფის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავეს, ესპანელებმა ოთხი ქულით – მეორე ადგილი და ორივე გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა.
ამ გოლით კი გერმანიის ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. მან კოსტა რიკა 4:2 კი დაამარცხა და ქულებით ესპანეთს გაუთანაბრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით იაპონიის მოგებამ ტურნირის მიღმა დატოვა.