კარტერი, ბილაპსი, უესტი - კალათბურთის დიდების დარბაზში ახალი წევრები შეიყვანეს #1TVSPORT
გაიმართა ნეისმიტის სახელობის საკალათბურთო დიდების დარბაზში ახალი წევრების შეყვანის ტრადიციული ყოველწლიური ცერემონია. უდიდესთა შორის რამდენიმე ლეგენდა მოხვდა.
ვინს კარტერი – ლეგენდარულმა შემტევმა მცველმა ბრწყინვალე კარიერა გაიარა. ლიგაში გატარებული 22 სეზონი NBA-ს რეკორდია. კარტერმა 25 728 ქულა დააგროვა, რაც 24-ე მაჩვენებელია ლიგაში.
ჩონსი ბილაპსი – მისი დიდი წვლილის წყალობით „დეტროიტმა“ 2004 წელს მოიპოვა ჯერჯერობით თავისი ბოლო ჩემპიონობა. იყო ფინალური სერიის MVP.
მაიკლ კუპერი – დიდების დარბაზში 68 წლის ასაკში მოხვდა. მთელი კარიერა „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გაატარა, ხუთი ჩემპიონობა მოიპოვა მეჯიქ ჯონსონისა და ქარიმ აბდულ-ჯაბარის გვერდით, რვაჯერ მოხვდა საუკეთესო დამცველთა ხუთეულში.
ჯერი უესტი – მესამედ შეიყვანეს დიდების დარბაზში, ამჯერად სიკვდილის შემდეგ. კალათბურთელი, რომელიც გამოსახულია NBA-ის ლოგოზე, 2024 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა. ის იყო „ლეიკერსის“ ლეგენდარული მოთამაშე და შემდეგ კლუბის გენერალური მენეჯერი. მისი უამრავი მიღწევიდან ერთი უნიკალურია – ერთადერთი კალათბურთელია ისტორიაში, რომელმაც 1969 წელს ფინალური სერიის MVP-ის პრიზი მოიპოვა, როცა წაგებულ გუნდში ითამაშა. უესტი პირველად დიდების დარბაზში „ლეიკერსში“ დიადი კარიერის გამო შეიყვანეს, მეორედ – როგორც აშშ-ის ნაკრების წევრი რომის ოლიმპიადაზე. ამჯერად კი გამოარჩიეს მისი მიღწევები გენერალური მენეჯერის რანგში.
ამ ოთხეულის გარდა, კალათბურთის დიდების დარბაზში მოხვდნენ უოლტერ დევისი, დაგ კოლინზი, ჰერბერტ საიმონი, სეიმონ ოგასტუსი, დიკ ბარნეტი, ბო რაიანი, ჩარლზ სმიტი, მარიან ვაშინგტონი და ჰარლი რედინი.
კანდიდატები იყვნენ დევიდ ბლატი, ეტორე მესინა, ანდრეი კირილენკო და ვლადიმირ კონდრაშინი.