იტალიის ქალაქ მილანში დასრულდა 21-წლამდელ ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელი ტურნირი. ესპანელმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარასმა ფინალში სამ სეტში დაამარცხა ამერიკელი სებასტიან კორდა – 4:3, 4:3, 4:2. ალკარასი პირველი ესპანელია, ვინც ახალგაზრდა თაობის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.
18 წლის კარლოსმა ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი მატჩი მოიგო – ბრენდონ ნაკაშიმას, ჰოლგერ რუნესა და მანუელ ჩერუნდოლოს წინააღმდეგ, ნახევარფინალში კი დაამარცხა სებასტიან ბაესი.
ალკარასმა 2021 წლის სეზონში 32 მატჩი მოიგო და 11-ჯერ დამარცხდა. 1992 წლის შემდეგ ის პირველი 18 წლის ჩოგბურთელია, რომელმაც სეზონში 32 მატჩში გაიმარჯვა. ესპანელმა წელი 141-ე ჩოგანის რანგში დაიწყო და 32-ე ნომრად დაასრულა. მან მოიგო ტურნირი ხორვატიის უმაგში, სამ ტურნირზე იყო ნახევარფინალში და აშშ-ის ღიაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია. ამ ტურნირზე მან მსოფლიოს მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.
21-წლამდე ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელი ტურნირი მეოთხედ ჩატარდა. წინა წლების ჩემპიონები იყვნენ: ჰიეონ ჩუნგი, სტეფანოს ციციპასი და იანიკ სინერი.