კარლ ჰარცელი - მოსამართლეების საკითხი პარლამენტისთვის იქნება გამოწვევა, შეაფასოს მთელი ეს პროცესი და გამოიტანოს სწორი დასკვნა
მოსამართლეების საკითხი პარლამენტისთვის იქნება გამოწვევა, შეაფასოს მთელი ეს პროცესი და გამოიტანოს სწორი დასკვნა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჰარცელის თქმით, ეს იქნება პარლამენტის მიერ მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
„თქვენ იცით ამ პროცესის ისტორია. იყო ვენეციის კომისიის სხვადასხვა კრიტიკული შენიშვნა და რეკომენდაციები შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ყველა ეს რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული. ეუთო იყო აქ და აკვირდებოდა წარდგენის პროცესს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ასევე აკეთებდნენ საკუთარ მონიტორინგს. მანამდეც აღვნიშნე, რომ პროცესი, რომელიც ვნახეთ პარლამენტში, იყო ძალიან კარგი გამჭვირვალობის დონე. ის, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდა შესაძლებლობა ენახა, როგორ მიმდინარეობდა ყველა ეს ინტერვიუ, არის ნამდვილად კარგი. ამან მისცა შესაძლებლობა ადამიანებს, გაეგოთ, ვინ არიან კანდიდატები.
ვფიქრობ, ახლა პარლამენტისთვის იქნება გამოწვევა, რომ შეაფასოს მთელი ეს პროცესი და გამოიტანოს სწორი დასკვნა კანდიდატებთან, კანდიდატების რაოდენობასთან და სამომავლოდ, არჩევის სისტემასთან დაკავშირებით. მჯერა და მწამს, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, სადაც ნასწავლი იქნება გაკვეთილი გასული წლისგან. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ახლა ყველა პარლამენტარისთვის, რომ მიიღონ სწორი დასკვნა ამ ყველაფრიდან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.