კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია, რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებებზე ყველა მტკიცებულება გადასცეს
მნიშვნელოვანია, რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებებზე ყველა მტკიცებულება გადასცეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მან მიუსამძიმრა გალში გარდაცვლილი ახალგაზრდის, ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს.
„ვუსამძიმრებ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მწუხარება გამოთქვა. ევროკავშირი მიესალმება მისი ნეშტის დროულად გადმოცემას, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს.
ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ირაკლი კვარაცხელია 10 მარტს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მისი ცხედარი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 13 მარტს ენგურის ხიდზე გადასცეს. ირაკლი კვარაცხელიას ხვალ სენაკის საკათედრო ტაძარში, 12:00 საათზე დაასვენებენ და 14:00 საათზე სენაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.