შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოში ვიზიტით მყოფ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან ერთად, გამყოფი ხაზისპირა სოფელ გუგუტიანთკარსა და წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა. ვიდეოკადრებსა და ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ციხელაშვილის თქმით, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის ვიზიტი კიდევ ერთი გამოხატულებაა საქართველოს მიმართ რომის პაპის მხარდაჭერისა.
„ჩვენ ვიმყოფებოდით გუგუტიანთკარში, სოფელში, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი ასამდე სხვა სოფლის მსგავსად და ასევე წეროვანში, სადაც ახალგორიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს – იმ ოჯახების ნაწილი, რომლებიც დღეს სრულ იზოლაციაში, ახალგორში, უკვე ოთხი თვის განმავლობაში იმყოფება. მისი აქ ვიზიტით, წმინდა საყდარმა კიდევ ერთხელ გამოხატა მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რაც არაერთხელ მოგვისმენია, მათ შორის, სწორედ სახელმწიფო მდივნისგან, ორი წლის წინ, წმინდა საყდარში ჩემი ვიზიტისას. ისინი არიან და იყვნენ ჩართულნი 2008 წლის შემდგომ დაზარალებული, იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებაში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ციხელაშვილის თქმით, საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზებს.
„დღეს მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ მოსახლეობას, დევნილებს მთელი მსოფლიოს, რომის პაპისა და მისი წარმომადგენლის მიმართ აქვთ, არის ის, რომ გვინდა მშვიდობა, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა, ჰუმანიტარული გამოსავლები და იმ ადამიანური ტანჯვის დასრულება, რომელიც ამ ხალხისათვის, ფაქტობრივად, ყოველდღიური სიმძიმეა. კონკრეტულად კი, ის პრობლემები, რომლებიც უკავშირდება მავთულხლართებით სამეურნეო მიწების ჩამოჭრას, მეზობლებისა და ნათესავების ერთმანეთისაგან გაყოფას, ახალგორის გადასასვლელის დაკეტვას და მისი გახსნის აუცილებლობას. ეს ის საკითხებია, რაზეც დღეს უფრო კონკრეტულად ვისაუბრეთ. ასევე, უკანონო დაკავებებზე, თავისუფლების აღკვეთის ფაქტებზე, რომლებიც ჩვენს არაერთ მოქალაქეს ეხება და შეეხო წარსულში“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, ახალგორელების თხოვნა და სურვილი დღეისათვის არის ერთადერთი რამ, რომ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ სამედიცინო დახმარებისათვის, პროდუქტებისთვის, ოჯახებთან კონტაქტისთვის და სხვა საჭიროებებისათვის.
„დარწმუნებული ვარ და პაპის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი მაქსიმალურად იქნებიან ჩართულნი ამ საქმეში – დაეხმარონ საქართველოს, მის მოსახლეობას, რათა ასეთი აბსოლუტურად ჰუმანიტარული და ადამიანებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოსავლები იყოს მოძებნილი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.