კარაკასის ციხიდან გათავისუფლებულმა აშშ-ის მოქალაქემ მედიას არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე უამბო
ვენესუელის ავტორიტარულმა მთავრობამ ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ციხიდან გაათავისუფლა.
26 წლის ჯოშუა ჰოლტი 2016 წელს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით კარაკასში დააპატიმრეს. იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. სასამართლოს მის საქმეზე განაჩენი არ გამოუტანია. მისი გათავისუფლებით ჯერ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, მოგვიანებით კი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაინტერესდა.
ჯოშუა ჰოლტი კარაკასში 2016 წლის გაზაფხულზე ინტერნეტის საშუალებით გაცნობილ ქალთან შესახვედრად ჩავიდა. იგი ვენესუელის მოქალაქეზე მალევე დაქორწინდა, რის შემდეგაც, რამდენიმე კვირაში პოლიციამ მის სახლში არალეგალურად ნაყიდი ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა, რაც ვენესუელის კანონმდებლობით იკრძალება.
ჯოშუა ჰოლტმა ამერიკულ მედიასთან კარაკასის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ნიკოლას მადუროს რეჟიმისადმი უარყოფითად განწყობილი პატიმრების მიმართ ციხის ზედამხედველები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მან აღნიშნა, რომ ორწლიანი პატიმრობის პერიოდში ძალადობის მსხვერპლი თავადაც არაერთხელ გამხდარა.