კალაშნიკოვა ტაშკენტის ტურნირის ნახევარფინალშია
კალაშნიკოვა ტაშკენტის ტურნირის ნახევარფინალშია

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში WTA-ის ტურნირი მიმდინარეობს, რომლის წყვილთა თანრიგში წარმატებით თამაშობს ქართულ-იაპონური წყვილი ოქსანა კალაშნიკოვასა და ნაო ჰიბინოს შემადგენლობით.

კალაშნიკოვამ და ჰიბინომ პირველ წრეში სლოვაკ სანტალ სკამლოვასა და ჰოლანდიელ ევა ვაკანოს იოლად მოუგეს – 6:0, 6:2 და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც უკრაინელ კატერინა კოზლოვასა და ვეტერან რუს ვერა ზვონარევასთან ელოდათ შეხვედრა.

მეოთხედფინალური მატჩი დაძაბული გამოდგა და საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. პირველ პარტიაში უკრაინელი და რუსი 4:2 დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს – ზედიზედ ოთხი გეიმი და შეაბამისად, სეტი 4:6 დათმეს.

მეორე სეტშიც ისინი დაწინაურდნენ – 2:0, თუმცა კალაშნიკოვამ და ჰიბინომ აქაც შეძლეს პარტიის შემოტრიალება. საბოლოოდ, 6:4, 6:3 და ნახევარფინალში სერბ ოლგა დანილოვიჩსა და სლოვენიელ ტამარა ზიდანსეკს შეხვდებიან.