კახა კუკავა - კანონმდებლობაში ქსენოფობიაზე ჩანაწერი საარჩევნო კამპანიაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს
კახა კუკავა - კანონმდებლობაში ქსენოფობიაზე ჩანაწერი საარჩევნო კამპანიაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი არიან პარტიები, რომლებიც აქცენტს მეასეხარისხოვან საკითხებზე აკეთებენ, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობაში ქსენოფობიაზე ჩანაწერი კამპანიაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

„რაც შეეხება ქსენოფობიაზე ჩანაწერს, საარჩევნო კამპანიაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. ჩვენ დაინტერესებული ვართ იმ საკითხებით, რაც დაკავშირებულია უფასო დროსთან, ამომრჩეველთა სიებთან, ადმინისტრაციულ რესურსებთან. რაც შეეხება ეუთო-ს რეკომენდაციებს, ეს პროცესზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ვინც ქსენოფობიური რგოლების განთავსებას აპირებს ეთერში, მათ ინერვიულონ. ჩვენ ამაზე შიშები არ გვაქვს. ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს მოსყიდვას და მედიაში მონოპოლიას“, – განაცხადა კახა კუკავამ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა დღეს გრძელდება. გუშინ შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს. ამასთან, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.