კახა კუჭავა - მართებულად არ მიმაჩნია მოწოდება, რომ პოლიტიკოსები ჩაერიონ სასამართლოს გადაწყვეტილებაში
კახა კუჭავა - მართებულად არ მიმაჩნია მოწოდება, რომ პოლიტიკოსები ჩაერიონ სასამართლოს გადაწყვეტილებაში

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, მოწოდება, რომ საქართველოში პოლიტიკოსები სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაერიონ, სწორი არ არის.

აღნიშნული კომენტარით კუჭავა გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თავდაცვის საკითხებში მრჩეველის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ლიდერი გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს“, ასევე „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკის განცხდებებს, სადაც ტუსკი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება, აგრეთვე ითხოვს გიორგი რურუას გათავისუფლებას.

კუჭავას თქმით, დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში ჩარევა მიუღებელია და ბოლომდე ამ ზრის  მომხრე დარჩება.

„არ ვთვლი მართებულად ნებისმიერი ადამიანის, თუ პოლიტიკოსის მხრიდან მოწოდებას, რომ პოლიტიკოსი, ქართველ პოლიტიკოსებზეა ამ შემთხვევაში საუბარი, ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ამ აზრის მომხრე დავრჩები ბოლომდე. ეს მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია და ზუსტად მათი პრეროგატივაა, საბოლოოდ რა შედეგს მივიღებთ და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ ვთვლი, რომ სწორია ნებისმიერი პოლიტიკოსი ერეოდეს იმ აბსოლუტურად განცალკავებული, დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში“,- აღნიშნა კახა კუჭავამ.