კახა კუჭავა - ეკა ტიკარაძე ნამდვილად იყო ის ადამიანი, რომელსაც არასდროს ეშინოდა თამამი რეფორმების გატარება და გადაწყვეტილების მიღება
კახა კუჭავა - ეკა ტიკარაძე ნამდვილად იყო ის ადამიანი, რომელსაც არასდროს ეშინოდა თამამი რეფორმების გატარება და გადაწყვეტილების მიღება

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძე იყო ადამიანი, რომელსაც არასდროს ეშინოდა თამამი რეფორმების გატარება და გადაწყვეტილების მიღება.

კუჭავამ ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლა ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა და აღნიშნა, რომ არ ყოფილა რაიმე დაპირისპირება.

„გუშინ ბრიფინგს ყველამ მოუსმინეთ და ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. იშვიათად, ხშირად, როდესაც სხვადასხვა ფორმატში ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე სახის დაპირისპირება. გადადგომებზე არა მხოლოდ ტიკარაძის, არამედ ნებისმიერი მინისტრის შესახებ ყოველდღე მიდის ჭორაობა. ადრე თუ გვიან, როდესაც ეს ფაქტი ხდება, შემდეგ ამას ვამბობთ. სამი წელი ეს ადამიანი იყო ჯანდაცვის მინისტრი. სამი წლის შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. დეტალებზე ალბათ თვითონ ისაუბრებენ“, – განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს.

„გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. რადგან პარლამენტში დამტკიცება არ სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ ამ კონსულტაციებში პარლამენტის მხრიდან მონაწილეობას არ ვაპირებთ. იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის, მსოფლიო გამოწვევა, რომელსაც პანდემია ჰქვია და საქართველომაც ამ კუთხით განიცადა საკმაოდ მნიშვნელოვანი, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე გადაწყვეტილების მიღების ეტაპები. იყო ბევრი კმაყოფილი და ბევრი უკმაყოფილო ადამიანი. ამიტომ, თვითონ საზოგადოება შეაფასებს. ეკა ტიკარაძე ნამდვილად იყო ის ადამიანი, რომელსაც არასდროს ეშინოდა თამამი რეფორმების გატარება და გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ამასთან, ჟურნალისტებმა კუჭავას შეკითხვა დაუსვეს უვადო კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით.

„მე, პარლამენტის თავმჯდომარე, ექიმი არ ვარ. ამიტომ კომპეტენტური პასუხის გაცემა გამიჭირდება. თუმცა, როგორც ადრე ვამბობდი, ახლაც იმავეს ვამბობ, ვემხრობი იმ ექიმებსა და ექსპერტებს, რომლებიც ამ მიმართულებით იღებენ გადაწყვეტილებებს. მუდმივ კოვიდპასპორტებზე ტიკარაძის პოზიცია იყო, თუ არ ვცდები, მთლიანად სამედიცინო სპექტრის პოზიციაც. შესაბამისად, მე არ ვარ ექიმი და ექიმების გადაწყვეტილებას ვენდობი. ამიტომ ამ შემთხვევაშიც იქნება ჩემი პოზიციაც გაზიარებული“, – განაცხადა კუჭავამ.