კახა კალაძე ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს
კახა კალაძე ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს

თბილისის მერი კახა კალაძე ზემო ფონიჭალაში მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აფეთქების შედეგად დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„დღეს დიდი ტრაგედიის მოწმენი გავხდით. ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დავკარგეთ ორი ადამიანი – ახალგაზრდა დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი. ძალიან მძიმეა ეს ნებისმიერი ადამიანისთვის და ჩვენთვის, ვინც იქ ვიდექით და უძლურები ვიყავით ამ ტრაგედიის წინაშე. ვიზიარებ ოჯახის ამ უდიდეს მწუხარებას“, – აღნიშნულია კახა კალაძის განცხადებაში.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. აფეთქების ადგილზე მაშველებმა შვიდსაათიანი სამუშაოების შემდეგ, ნანგრევებში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს. ამასთან დაშავებულია სამი პირი, რომლებიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.