კახა კალაძე - რეგულაციები გამკაცრდება და გამათბობლებს სერტიფიცირებული კომპანიები დაამონტაჟებენ
კახა კალაძე - რეგულაციები გამკაცრდება და გამათბობლებს სერტიფიცირებული კომპანიები დაამონტაჟებენ

თბილისის მერი კახა კალაძე ქეთევან წამებულის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. მან ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, რეგულაციები გამკაცრდება და გამათბობლებს სერტიფიცირებული კომპანიები დაამონტაჟებენ.

„კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა. გამიჭირდება ვინმეზე რაღაც ვთქვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, ზოგადად ამ მიმართულებით პრობლემა არსებობს. რამდენიმე დღის წინ მერიაში შევხვდი მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს. მოვისმინეთ, რა ცვლილებებს აპირებენ ამ მიმართულებით, როგორ აპირებენ რეგულაციების გამკაცრებას, რადგან ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. არსებობს შემთხვევები, როდესაც კომპანიის დაუდევრობით ხდება და არის შემთხვევები, როდესაც მცხოვრებლების მხრიდან აქვს ადგილი გარკვეულ დაუდევრობებს. გარე წვის გამათბობლები ზოგადად აკრძალულია და კატეგორიულად არ შეიძლება დახურულ სივრცეში მათი დამონტაჟება, მით უმეტეს – კუსტარულად.

რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას, საუბარი იყო, რომ აპირებენ, შემოიღონ დეტექტორები, რომლებიც აუცილებელია და ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. მერიასაც შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში, რათა ადამიანებს შევუმსუბუქოთ ამ მიმართულებით გადასახადები. ასევე საუბარი იყო, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობელს, რომელსაც აბონენტი შეიძენს“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, ქეთევან წამებულის გამზირზე იმყოფებოდა „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ „კალაძის პირადი პასუხისმგებლობაა მომხდარი უბედური შემთხვევა, რადგან კომპანია „ყაზტრანსგაზი“ გადაიფორმა და ასევე გადაუფორმა ბეჟუაშვილსა და მაქაცარიას“.

თავის მხრივ, კახა კალაძემ ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს უპასუხა:

„​პოპულიზმსა და დემაგოგიას არასდროს ვაპატიებთ ალეკო ელისაშვილს. ეს მე ვაჩვენე 2017 წელს საზოგადოებას და იგივე დამოკიდებულება მექნება. პოპულიზმის დრო საქართველოში არაა, უნდა ვაკეთოთ საქმე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, ბინაში ღიაკამერიანი გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.