კახა კალაძე - ქუჩის მუსიკოსებმა იმღერეთ, რამდენიც გინდათ, უბრალოდ, ეს უნდა მოვიდეს არსებულ კანონთან შესაბამისობაში
კახა კალაძე - ქუჩის მუსიკოსებმა იმღერეთ, რამდენიც გინდათ, უბრალოდ, ეს უნდა მოვიდეს არსებულ კანონთან შესაბამისობაში

ქუჩის მუსიკოსებმა იმღერეთ, რამდენიც გინდათ, უბრალოდ, ეს უნდა მოვიდეს არსებულ კანონთან შესაბამისობაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კვირის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კახა კალაძის თქმით, არც პიროვნული და არც შემოქმედებითი თავისუფლება არავის ეზღუდება.

„საკმაოდ რეზონანსი ჰქონდა ამ კვირაში ინფორმაციას ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებით, კარგია, რომ სერგი გვარჯალაძემ განმარტება გააკეთა და დააზუსტა, თუ რისი თქმა სურდა. ამ დროს, რამდენი მუსიკოსი ყავს თბილისს, არავინ ითვლის და მათ არავინ ზღუდავს. პირიქით, იმღერეთ, რამდენიც გინდათ, ისიამოვნეთ და ჩვენც გვასიამოვნეთ, უბრალოდ, ეს უნდა მოვიდეს არსებულ კანონთან შესაბამისობაში.

ძალიან მარტივია, სადაც ხალხს ძინავს, სხვა საათი განისაზღვრება, სადაც ტურისტული სივრცეა, იქ – სხვა და ჩვენ სიახლეს ნამდვილად არ ვიგონებთ. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში, ქალაქებში ეს ბუნებრივია და თბილისიც, რა თქმა უნდა, არ ჩამოუვარდება ამ ქალაქებს. ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი, ქალაქი იმართება და ვითარდება წესრიგით, წესრიგის ფარგლებში კი არავის არც პიროვნული და არც შემოქმედებითი თავისუფლება არ ეზღუდება. ასე რომ, ჩვენ, ყველა ერთად, სიმღერით და სილამაზით შევქმნით უფრო მეტად თავისუფალ და თბილისურ გარემოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუჩის მუსიკოსები შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ.  ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ კი განმარტა, რომ ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე საუბარი არ არის, პირიქით, საუბარია მათ ხელშეწყობაზე, რათა ქუჩის მუსიკოსების სცენა კარად იყოს შესწავლილი და მათი პოპულარიზაცია მოხდეს.