კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ შემთხვევა არის იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელზეც „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ საუბრობდა
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ შემთხვევა არის იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელზეც „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ საუბრობდა

პირველივე დღეებიდან ხაზს ვუსვამდით, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემები იყო არასწორად დათვლილი, მოწოდებული იყო პრობლემური მონაცემები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენლის დღევანდელ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

„არ ვიცი, საერთოდ სერბეთი რა შუაშია. ზოგადად, ვფიქრობ და მგონია, რომ ეს არის იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნების წინ ვსაუბრობდით. ელემენტარული მათემატიკა ვინც იცის, ციფრები როდესაც გამოქვეყნდა, ძალიან მარტივი დასათვლელი იყო, რომ იყო ცდომილება.

მაშინვე, პირველივე დღეებიდან, თქვენ შეგიძლიათ, ამოიღოთ არქივიდან მასალები, ნახავთ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამდით, რომ ეს იყო არასწორად დათვლილი, ეს იყო პრობლემური მონაცემები, რომელიც იყო მოწოდებული. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა“, – განაცხადა კალაძემ.

„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღეს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.