კახა კალაძე - მზად ვართ, პარტიული ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ
კახა კალაძე - მზად ვართ, პარტიული ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ

ძალიან მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა როგორც პარტიის თავმჯდომარე, მისივე დაფუძნებულ პარტიაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დაბრუნება მისასალმებელია.

„ძალიან მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა როგორც პარტიის თავმჯდომარე, მისივე დაფუძნებულ პარტიაში. დაბრუნების გადაწყვეტილება განპირობებული იყო, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ქვეყნის განვითარებაში პარტიის როლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ ახალი იდეებით. ყველანაირად მზად ვართ, რომ პარტიული ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. არავის გადაყენება და არავის გათავისუფლება არ იგეგმება. ვის რა ფუნქცია ექნება, ყრილობაზე გახდება ცნობილი. ყველაფერს თავისი წესი აქვს, ჩვენ ამ წესის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ყრილობა ალბათ მაისის დასაწყისში გაიმართება. სავარაუდო თარიღის დასახელება გამიჭირდება. პოლიტსაბჭოს წევრები ვინ იქნებიან ამას უახლოეს მომავალში გაიგებთ. დღეს ძირითადად წარმოდგენილები პარტიის ბიუროს წევრები იყვნენ”, – განაცხადა კახა კალაძემ. “, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს.

“პრემიერ-მინისტრს არაერთხელ ჰქონდა შეთავაზება და საუბარი ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მგონია, რომ ეს გადაწვეტილება ძალიან კარგია, ხელს შეუწყობს ქვეყნისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს თავად შესთავზა, პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.