კახა კალაძე გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქციის სტატიას შეკვეთილს უწოდებს
კახა კალაძე გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქციის სტატიას შეკვეთილს უწოდებს

თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქციის სტატიას შეკვეთილს უწოდებს.

მისი თქმით, ეს შინაარსიდან იკვეთება.

„ეს იყო შეკვეთილი სტატია, ეს აშკარაა. იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც იყო მოწოდებული, თუმცა მოხდა მათი მხრიდან განმარტებები და ჩვენ ასეთი შეკვეთილი ბევრი გვინახავს, ოპონენტების მხრიდან იყო“, – განაცხადა კალაძემ.

„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“.

მოგვიანებით, „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა. სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“, დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.