კახა კალაძე - დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში, უხარისხო მუშაობის შედეგი ფეხდაფეხ მოგვყვება
კახა კალაძე - დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში, უხარისხო მუშაობის შედეგი ფეხდაფეხ მოგვყვება

დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს, სამწუხაროდ უხარისხო მუშაობის შედეგი ფეხდაფეხ მოგვყვება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეტრო “ვარკეთილში” დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა და მათ ექიმები სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევენ, რის ხარჯებსაც თავის თავზე აიღებს მერია და ჯანდაცვის სამინისტრო.

“ეს სადგური ახლად რეაბილიტირებული იყო. სახეზე გვაქვს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობა. აღნიშნული სამუშაოები შეასრულა კომპანია “ყვარელრემმშენმა” და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 347 852 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და დასრულდა 2017 წლის აგვისტოში. განახლებული მეტროსადგური ექსპუტალაიცაში შევიდა სექტემბრიდან და რამდენიმე თვეში ეს შედეგი მივიღეთ. გვაქვს კითხვები და ამას დროულად უნდა გაეცეს პასუხი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტრო “ვარკეთილში” მომხდარზე გამოძიება  შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს.

“არ მინდა, ხმამაღალი დასკვნების გაკეთება და არ მინდა, შევიჭრა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, მაგრამ ​ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ მომხდარის მიზეზები დადგინდეს და ყველამ დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. არ და ვერ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს, ვისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებების, თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს, სამწუხაროდ უხარისხო მუშაობის შედეგი ფეხდაფეხ მოგვყვება და იჩენს თავს. ძალიან ბევრი საქმეა წინ. უკვე გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხს. განსაკუთრებული ყურადღება იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და ახალი აშენებული შენობა-ნაგებობის ხარისხსზე იქნება დიდი ყურადღება გამახვილებული.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა. ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.