„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელის მოსმენა ხვალ პარლამენტში აღარ გაიმართება
„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელის მოსმენა ხვალ პარლამენტში აღარ გაიმართება

„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელის მოსმენა ხვალ საქართველოს პარლამენტში აღარ გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჭიათურაში მოშიმშილეებთან უკვე მიღწეულია შეთანხმება და სამუშაო შეხვედრის ჩატარება აღარ არის საჩქარო.

„დასრულდა მოლაპარაკებები. კომპრომისული ვარიანტი მოიძებნა. 25-პროცენტიანი და 10-პროცენტიანი ზრდა. მართალია, სხვადასხვა პერიოდულობით, მაგრამ როგორც ჩანს, მოშიმშილეებისთვის ეს მისაღებია და ძირითადად იმ საზოგადოებისთვის, რომლებიც აპროტესტებდნენ ამ პირობებს. აქედან გამომდინარე, კარგია, რომ დაძაბულობის მუხტი მოიხსნა. შესაბამისად, ჩვენ ხვალინდელი შეხვედრა, რომელიც ექსტრემალურად ჩავნიშნეთ სწორედ იმ დაძაბული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ ასე ნაუცბათევი შეხვედრა აღარ არის საჭირო და უფრო მომზადებულად და საფუძვლიანად კვლავ დავუთმობთ ამას უკვე ნამდვილად საკომიტეტო მოსმენას. ხვალ უბრალოდ სამუშაო შეხვედრა იყო“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

მისივე განმარტებით, თემა დღევანდელი შეთანხმებით არ ამოწურულა და მოსმენა სხვა დროს აუცილებლად გაიმართება. არ არის გამორიცხული, „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლის მოსმენა პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მისვლის დღეს ჩაინიშნოს.

„გამომწვევ მიზეზებზე აუცილებელია ვიმსჯელოთ, სამომავლოდ მათი პირობების გაუმჯობესება რაზეა დამოკიდებული, რა შემაფერხებელი ფაქტორებია, ანუ ამით ცხადია, თემა არ ამოიწურა ჩვენთვის პარლამენტში. კარგია, რომ განიმუხტა მდგომარეობა. უახლოეს დღეებში განვახორციელებთ კონკრეტულ საკომიტეტო მოსმენას. ალბათ დავამთხვევთ ეკონომიკის მინისტრის მოსვლას, რომელიც 7 ივნისს აპირებს ჩვენთან მოსვლას. თუ მანამდე არ იქნება ამის აუცილებლობა, შეიძლება, ეს დავამთხვიოთ კიდეც ერთმანეთს, რომ ეს იყოს ერთ-ერთი საკითხი, თუ რა პირობები, როგორ გაუმჯობესდება და რომ გამოვრიცხოთ ასეთი მოვლენების შემდგომი განმეორება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცახდებით, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები პროტესტს წყვეტენ და სამუშაო ადგილებს ხვალიდან დაუბრუნდებიან.

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა თერთმეტი დღის წინ დაიწყო. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობდა. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვდნენ.