„ჯონსონ ენდ ჯონსონს“ ერთ-ერთი მომხმარებლისთვის 29 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა
კალიფორნიის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონს“ ერთ-ერთი მომხმარებლისთვის 29 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. საუბარია ქალზე, რომლის განცხადებითაც, კომპანიის მიერ წარმოებული ტალკის გამოყენების შედეგად, ავთვისებიანი სიმსივნე, კერძოდ მესოთელიომა განუვითარდა.
კალიფორნიის სასამართლოს განაჩენი ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას ბოლო წლებში გამოუტანეს. სულ კომპანიის წინააღმდეგ 13 ათასზე მეტი სარჩელია შეტანილი.
„ჯონსონ ენდ ჯონსონის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვერდიქტით იმედგაცრუებულები არიან და მის გასაჩივრებას გეგმავენ.
კომპანია უარყოფს, რომ მისი ტალკი სიმსივნეს იწვევს და აცხადებს, რომ მსოფლიოში ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა კვლევამ და შემოწმებამ აჩვენა, რომ ტალკი უსაფრთხოა და აზბესტს არ შეიცავს.