ჯოკოვიჩი და ზვერევი ნახევარფინალში არიან
ჯოკოვიჩი და ზვერევი ნახევარფინალში არიან

კვირას, როლან გაროსზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო. ზედიზედ მესამე ხუთსეტიანი მატჩი ჩაატარა მეორე ნომრად განთესილმა ალექსანდრ ზვერევმა. ის სეტებში 1:2-ს აგებდა რუს კარენ ხაჩანოვთან, მაგრამ ისევ გაუძლო მორიგ მარათონს – 4:6, 7:6(4), 2:6, 6:3, 6:3.

21 წლის ზვერევი გახდა 2009 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელიც როლან გაროსის მეოთხედფინალში გავიდა. გერმანელის ანგარიშზე 63 “ვინერსი” იყო, მათ შორის, 17 ეისი.
ზვერევი მეოთხედფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება, რომელიც როლან გაროსის ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ გასვლას შეეცდება. ტიმმა საკმაოდ იოლად მოუგო იაპონელ კეი ნიშიკორის – 6:2, 6:0, 5:7, 6:4, არადა, აზიელი წლევანდელ გრუნტის სეზონზე კარგად გამოიყურებოდა – მონტე კარლოს “მასტერსზე” ფინალამდე მივიდა, რომში კი მეოთხედფინალში ითამაშა.

გრუნტზე კარიერაში მე-200 მატჩი მოიგო ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც ძალიან დამაჯერებლად სძლია ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს – 6:3, 6:4, 6:2. სერბს 10 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თავად კი ერთი საკუთარი გეიმი დათმო. ჯოკოვიჩი მესამე ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც “დიდი სლემის” ტურნირებზე 40-ჯერ გავიდა მეოთხედფინალში. სერბზე წინ არიან: როჯერ ფედერერი (52) და ჯიმი კონორსი (41).
სავარაუდოდ, ჯოკოვიჩს არ უნდა გაუჭირდეს ნახევარფინალში გასვლა, რადგან შემდეგ მეტოქედ მსოფლიოს 72-ე ჩოგანი მარკო ჩეკინატო ჰყავს. ნაკლებად ცნობილმა იტალიელმა დავიდ გოფენს ოთხ სეტში მოუგო – 7:6, 4:6, 6:0, 6:3.

1/8 ფინალის შედეგები:
ჩეკინატო (იტა)-გოფენი (ბელ, 8) 7:5, 4:6, 6:0, 6:3
ჯოკოვიჩი (სერ, 20)-ვერდასკო (ესპ, 30) 6:3, 6:4, 6:2
ტიმი (ავსტრია, 7)-ნიშიკორი (იაპ, 19) 6:2, 6:0, 5:7, 6:4
ა. ზვერევი (გერ, 2)-ხაჩანოვი (რუს) 4:6, 7:6(4), 2:6, 6:3, 6:3.