ჯოკოვიჩი 36-ე „მასტერსის“ მოსაგებად შვარცმანს რომის ტურნირის ფინალში დაუპირისპირდება
ჯოკოვიჩი 36-ე „მასტერსის“ მოსაგებად შვარცმანს რომის ტურნირის ფინალში დაუპირისპირდება

მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის „მასტერსის“ ფინალში არგენტინელ დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებული სერბი ჩოგბურთელი საკუთარ კარიერაში 36-ე „მასტერსის“ მოგებას შეეცდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ის აბსოლუტურ რეკორდს დაამყარებს. დღევანდელი მდგომარეობით ესპანელ რაფაელ ნადალს და ნოვაკ ჯოკოვიჩს „მასტერსის“ ტურნირებზე 35-35-ჯერ აქვთ გამარჯვება მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში მსოფლიოს პირველმა ნომერმა ნორვეგიელი კასპერ რუუდი ორ სეტში დაამარცხა, ხოლო დიეგო შვარცმანმა კანადელ დენის შაპოვალოვს დრამატულ, სამსეტიან ორთაბრძოლაში სძლია.

არგენტინელი მსოფლიოს მე-15 ჩოგანია და მან ტურნირის 1/4 ფინალში „გრუნტის მეფედ“ წოდებული რაფაელ ნადალი დაამარაცხა. ჯოკოვიჩი და შვარცმანი ერთმანეთს ოთხჯერ დაპირისპირებიან და ყველა შეხვედრაში სერბმა გაიმარჯვა. გრუნტზე მათი ბოლო მატჩი რომში 2019 წელს გაიმართა.

ჯოკოვიჩისა და შვარცმანის შეხვედრა თბილისის დროით დღეს, 19:00 წუთზე დაიწყება.