ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან აიცილოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

აშშ-სა და ისრაელის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზას სექტორში განადგურდა შენობა, რომელშიც საერთაშორისო მედიასაშუალებების, კერძოდ „ალ ჯაზირასა“ და „ესოშიეტიდ პრესის“ ოფისები იყო განთავსებული. ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, შენობაში მდებარეობდა „ტერორისტული სამიზნეები“ და ნაგებობაში მყოფ პირებს ევაკუაციისთვის დრო მისცეს.

ამას გარდა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მისი ურყევი მხარადჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ მანამდე შედგა სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენსა და პალესტინის ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შორის. როგორც სააგენტო „ფრანს პრესს“ აბასის პრესპიკერმა განუცხადა, საუბარი მნიშვნელოვანი იყო.

ბოლო მონაცემებით, ისრაელის საჰაერო დარტყმებს ღაზას სექტორში 139 ადამიანი ემსხვერპლა. „ჰამასის“ სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში ცხრა ადამიანი გარდაიცვალა.