ჯო ბაიდენი - მე გავაკეთე, რის გამოც ჩამოვედი, პუტინთან შეხვედრის ტონი იყო დადებითი, თუ ვერ ვთანხმდებოდით, ღიად ვაცხადებდით, თუმცა არა დაძაბულ ატმოსფეროში
ჯო ბაიდენი - მე გავაკეთე, რის გამოც ჩამოვედი, პუტინთან შეხვედრის ტონი იყო დადებითი, თუ ვერ ვთანხმდებოდით, ღიად ვაცხადებდით, თუმცა არა დაძაბულ ატმოსფეროში

მე გავაკეთე, რის გამოც ჩამოვედი, პუტინთან შეხვედრის ტონი იყო დადებითი, თუ ვერ ვთანხმდებოდით, ღიად ვაცხადებდით, თუმცა არა დაძაბულ ატმოსფეროში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პირველ პირთან, ვლადიმერ პუტინთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირადი შეხვედრა. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რა იყო ჩემი მიზანი, რომ ამას არ მოჰყვეს გაუგებრობები. მე გავაკეთე, რის გამოც ჩამოვედი. პირველი – გამოვავლინე ის თემები, სადაც ჩვენ ქვეყნებს შეუძლიათ პრაქტიკული მუშაობა, რათა ჩვენი საერთო ინტერესები წინ წავწიოთ და ასევე, სარგებელი მოვუტანოთ მსოფლიოს. მეორე, პირადად ვუთხარი, რომ აშშ მზადაა იმ ქმედებებზე საპასუხოდ, რომელიც არ შეესაბამება აშშ-ის ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს და მესამე მკაფიოდ განვსაზღვრო ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები და ღირებულებები. ასე რომ, პუტინმა ეს ჩემგან პირადად მოისმინა. მე უნდა გითხრათ, რომ შეხვედრის ტონი იყო დადებითი, პოზიტიური. თუ ვერ ვთანხმდებოდით, ამას ღიად ვაცხადებდით. თუმცა, ეს არ იყო დაძაბულ ატმოსფეროში.

ბოლო კვირის განმავლობაში მჯერა და იმედი მაქვს, რომ აშშ-მა აჩვენა მსოფლიოს, რომ დავბრუნდით და ვდგავართ მოკავშირეების გვერდით. ჩვენ გავაერთიანეთ მეგობარი დემოკრატიები, რათა ავიღოთ კონკრეტული ვალდებულებები და წინ აღვუდგეთ იმ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას და ახლა ვქმნით მკაფიო საფუძველს, თუ როგორ უნდა მივუდგეთ, როგორი ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან. სამუშაო კიდევ ბევრია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამასთან, ჯო ბაიდენმა ისაუბრა უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვას: „მე ვუთხარი პუტინს, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პოზიცია ურყევია. ჩვენ შევთანხმდით, გავატაროთ დიპლომატია მინსკის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ასევე, დავაფიქსირე ჩემი შეშფოთება ბელარუსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.