ჯიმ რიში - ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმების პირობებს
ჯიმ რიში - ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმების პირობებს

ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მათ შორის მიღწეულ მარტის შეთანხმების პირობებს, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმების პირობებს, მათ შორისაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით“, – ნათქვამია სენატორ ჯიმ რიშის განცხადებაში.

ამასთან, ჯიმ რიში აზიარებს აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელიც საქართველოში პოლიტიკური დიალოგის სხვა ფასილიტატორებთან ერთად საელჩომ გუშინ გაავრცელა. საქართველოში აშშ-ის საელჩო აღნიშნავს: „მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“.