ჯეიმს ვებმა შეისწავლა ორი ვარსკვლავი, რომლებსაც მეცნიერთა ეჭვით, გარშემო შეიძლება დაისონის სფერო ჰქონოდათ — #1tvმეცნიერება

16:50, 28.07.2026

სადღაც სამყაროში, არამიწიერმა კულტურამ შეიძლება შეიმუშავა ვარსკვლავთა გარშემო გიგანტური მეგასტრუქტურის აშენების ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლებელია წარმოუდგენელი მასშტაბის ენერგიის მოპოვება.

დაისონის სფეროს იდეა პირველად 1960 წელს წარმოადგინა ფიზიკოსმა ფრიმენ დაისონმა და მას შემდეგ, გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე სიმბოლოდ იქცა.

იმიტომ, რომ ასეთი სტრუქტურები ვარსკვლავის სინათლეს იმგვარად უნდა ცვლიდეს, რომ ამის დაფიქსირება დედამიწიდანაც შესაძლებელია — გამჭრიახი ტექნოხელმოწერები, რომლებმაც შეიძლება საბოლოოდ გამოავლინოს განვითარებული უცხოპლანეტური ცივილიზაცია.

ამჯერად, ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ოქროს ინფრაწითელი თვალი გამოიყენეს დაისონის სფეროს ორი ყველაზე ძლიერი კანდიდატის შესამოწმებლად.

„სითბოს დაკარგვა. მთელი თამაში ესაა. ცივილიზაციას შეუძლია საკუთარი ვარსკვლავი კოლექტორების გარსში მოაქციოს, მაგრამ თერმოდინამიკა ყოველთვის აგროვებს თავის გადასახადს და ვარსკვლავის მთელი ეს დაჭერილი სინათლე უკან უნდა დაბრუნდეს თბილი შუა ინფრაწითელი ნათების სახით“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ოლივია კურტისი.

ნათება გარდაუვალი იქნება. ზუსტად ისე, როგორც ლეპტოპი ან ნათურა გამოყოფს ნარჩენ სითბოს, ასე უნდა იყოს ნებისმიერი დანადგარი, რომელიც ვარსკვლავის ენერგიას მოიპოვებს. რაც უფრო დიდია ჰიპოთეტური მეგასტრუქტურა, მით უფრო კაშკაშა უნდა იყოს ჭარბი ინფრაწითელი რადიაცია.

სწორედ ამ ჭარბი სითბოს პოვნაა „პროექტ ჰეფესტოსის“ მიზანი, რომელსაც შვედეთის ქალაქ უფსალის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ერიკ ზაკრისონი უძღვება. ცრუ დადებითმაც კი შეიძლება გვასწავლოს, უკეთესად როგორ ვეძებოთ არამიწიერი ტექნოლოგიები — იმის გამოვლენით, თუ რამდენი გზით შეიძლება მიჰბაძოს მას სამყარომ.

ზუსტად ამ სახის ჭარბ ინფრაწითელ რადიაციას, ანუ უფრო მეტ შუა ინფრაწითელ სინათლეს, ვიდრე ჩვეულებრივი ვარსკვლავი უნდა ასხივებდეს — ირმის ნახტომის ხუთ მილიონ ვარსკვლავთან ეძებდნენ.

ჯგუფის უკიდურესად მკაცრ ტესტებს მხოლოდ შვიდი ვარსკვლავი გადაურჩა, რომელთაგან ორი ყველაზე მიმზიდველი კანდიდატი აღმოჩნდა და ამ კვლევაში სწორედ ისინი შეისწავლეს.

ჯეიმს ვებმა დაისონის სფეროს ქონის ეს ორი კანდიდატი სწრაფად გამოავლინა და ამის ახსნა საოცრად მარტივია. ორივე ვარსკვლავის სინათლეს ზუსტად მათ უკან მოქცეული შორეული გალაქტიკა აძლიერებდა.

„ყველაზე მოკლე ტალღის სიგრძეზე, ძირითადად ხედავ ვარსკვლავს; და როგორც კი 10 და შემდეგ 15 მიკრონამდე ახვალთ, ვარსკვლავი ქრება და გვერდით მდებარე მეორე წყარო აინთება. როგორც კი ორ წყაროს დაინახავთ, სადაც ტელესკოპმა WISE-მა მხოლოდ ერთი დაინახა, მიხვდებით, რომ ვარსკვლავი არასდროს ყოფილა მანათობელი და სპექტრმა მხოლოდ ის დაადასტურა, რაც სურათებმა უკვე გვაჩვენა“, — ამბობს კურტისი.

ესენი უბრალოდ ფონური გალაქტიკები არ იყო. ორივე მათგანი გამორჩეულად კაშკაშაა ინფრაწითელ სინათლეში, ზუსტად იმ ტალღის სიგრძეში, რომელშიც ასრტონომები ეძებენ ჰიპოთეტური დაისონის სფეროს ნარჩენ სითბოს.

ერთი, კანდიდატ D-ს უკან მდებარე, სავარაუდოდ არის ცხელი მტვრით დაბინდული გალაქტიკა, რომლის ცენტრალური სუპერმასიური შავი ხვრელი მტვრის ვრცელ ღრუბლებს აცხელებს.

მეორე, კანდიდატ E-ს უკან მდებარე, სავარაუდოდ არის მტვრიანი ვარსკვლავური აფეთქების გალაქტიკა, რომელშიც წარმოუდგენლად დიდი ოდენობით ახალი ვარსკვლავი იბადება.

ორივე გალაქტიკა ბუნებრივად გამოყოფს იმ სახის თბილ ინფრაწითელ ნათებას, როგორსაც ასტრონომები ეძებდნენ.

დედამიწის გადმოსახედიდან, თითოეული გალაქტიკა თითქმის ზუსტად გაცილებით ახლოს მდებარე ვარსკვლავის უკანაა მოქცეული. ტელესკოპ WISE-ის კვლევების თანახმად, ორივე ობიექტი გამოირჩევა აუხსნელი ინფრაწითელი სიჭარბით.

„კანდიდატმა D-მ მისთვის მიცემული ყოველი საარქივო ტესტი გაიარა; ამიტომ, მასზე, როგორც დაისონის სფეროს ყველაზე იმედის მომცემ კანდიდატზე, ჯეიმს ვებმა დაიწყო დაკვირვებები. აღმოჩნდა, რომ ზუსტად მის უკან გალაქტიკა იმალებოდა, დაახლოებით ერთი კუთხური წამის გადახრით, რაც ისეა, მონეტა რომ დაინახო ოთხი კილომეტრის მანძილიდან. სამყარო ამ გალაქტიკას რაც შეიძლება კარგად მალავდა“, — ამბობს კურტისი.

კანდიდატი E კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. მისი გალაქტიკა გაფართოებული, შეკრული სისტემა იყო, სადაც წინა პლანზე არსებული ვარსკვლავი თითქმის ზუსტად მის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ინფრაწითელ კვანძზე ეშვებოდა — ყველაზე ცუდ ადგილას, სადაც კი შეიძლება ის ყოფილიყო.

„ამ დამთხვევამ გაზომვები ნამდვილად მტკივნეული გახადა, რადგან იმ ტალღის სიგრძეებზე, სადაც გალაქტიკა ანათებს, ვარსკვლავი უბრალოდ მასში ქრება და საბოლოოდ, ერთადერთი მკაფიო ნიშანი, რაც ვარსკვლავზე მქონდა, მისი დიფრაქციული პიკები იყო, გრძელი სხივები, რომლებიც ჯეიმს ვების მიერ გადაღებულ ვარსკვლავებს ცნობილ წვეტიან იერს აძლევს; ეს კი საშუალებას მაძლევს, გავზომო ის ისე, ხალხში მეგობარი მისი ქუდით რომ შეამჩნიოთ“, — ამბობს კურტისი.

თუმცა, შედეგი გაცილებით სცდება დაისონის სფეროს ორი კანდიდატის გამორიცხვას, რომლებმაც შესაბამისი ქულა ვერ მიიღეს.

კვლევამ ასტრონომებს მისცა ორი გალაქტიკა, რომელიც თავის მხრივ მეცნიერულად ნამდვილად საინტერესოა და სხვაგვარად ისინი შეიძლება ვერც ეპოვათ.

ამ კვლევამ მოგვცა დაისონის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი იმიტაცია, რომლის წარმოქმნაც ჩვენს სამყაროს შეიძლება შეეძლოს.

კითხვებზე პასუხების საპოვნელად, მკვლევრებს ახალი მეთოდების შემუშავება და ჯეიმს ვებთან მეტი მუშაობა მოუწევთ.

იმის აღმოჩენა, რომ დაისონის სფეროს ორი საუკეთესო კანდიდატი სინამდვილეში გალაქტიკის მიერ სინათლეგაძლიერებული ვარსკვლავია, ზუსტად ისაა, რაც შემდეგ ძებნას უფრო საიმედოს გახდის.

კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი