ჯეიმს ვები უკვე საკუთარ რეკორდებს ხსნის — დაფიქსირებულია ამ დროისათვის სამყაროს ყველაზე შორეული გალაქტიკა #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვები უკვე საკუთარ რეკორდებს ხსნის — დაფიქსირებულია ამ დროისათვის სამყაროს ყველაზე შორეული გალაქტიკა #1tvმეცნიერება

ეს რეკორდი გასული ორი წლის განმავლობაში მრავალჯერ მოიხსნა და როგორც ჩანს, სულ მალე, ის კვლავ მოიხსნება.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი მონაცემების დაკვირვების შემდეგ, ასტრონომები იუწყებიან გალაქტიკის აღმოჩენის შესახებ, რომელიც ყველაზე შორეული გალაქტიკა უნდა იყოს ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის.

თუ ეს ამბავი გეცნოთ, არ დაიბნეთ, ასეთი რამ მხოლოდ წელს უკვე ორჯერ მოხდა. აპრილში ასტრონომებმა განაცხადეს, რომ დააკვირდნენ გალაქტიკას, რომელიც დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 330 მილიონი წლის შემდეგ პერიოდს ეკუთვნის. გასულ თვეში კი, ჯეიმს ვების სხვა, პირველ მონაცემებში მიაგნეს გალაქტიკას დიდი აფეთქებიდან 300 მილიონი წლის შემდეგ პერიოდში.

თუმცა, ახალი რეკორდი უბრალოდ გასაოცარია. ის ადრეული სამყაროს წყვდიადში იპოვეს და მიეკუთვნება დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 235 მილიონი წლის შემდეგ პერიოდს… პრაქტიკულად, კოსმოსურ თვალის დახამხამებას, თუ გავითვალისწინებთ, რომ სამყაროს ასაკი 13,8 მილიარდი წელია.

გალაქტიკის კანდიდატის, სახელად CEERS-93316-ის აღმოჩენა აღნიშნავს რაღაც დიდებულის დასაწყისს: ვები მზადაა ადრეული სამყაროს ფართოდ გახსნისთვის, რათა ყველაფრის დასაწყისის შავბნელი და იდუმალი მისადგომების უპრეცედენტო ხედები შემოგვთავაზოს.

კვლევას ედინბურგის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი კალუმ დონანი ხელმძღვანელობდა; პუბლიკაცია უკვე გადაეგზავნა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ს, იქამდე კი რეცენზირებას ელოდება და ამჟამად ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

დიდი აფეთქების შემდეგი პირველი მილიარდი წელიწადი კოსმოლოგების დიდი ინტერესის საგანია. იმ პერიოდში, ცხელმა, კვანტურმა „სუპი“, რომელმაც გაჩენის შემდეგ სამყარო ამოავსო, ყველაფრის წარმოქმნა დაიწყო: მატერიის, ანტიმატერიის და ბნელი მატერიის, ვარსკვლავების, გალაქტიკებისა და მტვრის.

ვინაიდან სინათლეს გადაადგილებისთვის დრო სჭირდება, ნებისმიერი სინათლე, რომელიც ჩვენამდე შორეული კოსმოსიდან აღწევს, მიეკუთვნება უშორეს წარსულს; შესაბამისად, სინათლე დროის მანქანაა სამყაროს შორეული მისადგომებისთვის. თუმცა, ადრეული სამყარო, ნამდვილად ადრეული, გაცილებით რთულია: ის იმდენად შორსაა, რომ იქიდან ჩვენამდე მოსული ნებისმიერი სინათლე ძალიან, ძალიან მკრთალია.

გარდა ამისა, სამყაროს გაფართოებამ ყველაზე ენერგიული ტალღებიც კი „მღვრიე“ სხივებად გაწელა, რომლებიც სპექტრის ინფრაწითელ ნაწილთან არის ახლოს, რაც ყველაზე ხილულ ობიექტებსაც კი ძნელად დასანახს ხდის.

ამის გამო, იმ დროის დეტალური რეკონსტრუქციები ძალიან რთულია. ეს კი შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის კარგი ნამდვილად არ არის, რადგან ის დრო ზედმეტად მნიშვნელოვანია.

ეპოქას, ვიდრე პირველი ვარსკვლავები დაიწყებდა დაბადებას, კოსმოსურ განთიადს უწოდებენ. ის დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 250 წლის შემდეგ დაიწყო და მთელი სამყარო წყალბადის ატომების გაუმჭვირვალე ღრუბლით აავსო.

ასე გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე პირველ ვარსკვლავთა და გალაქტიკათა ულტრაიისფერი სინათლე ნეიტრალური მუხტის მქონე წყალბადის ხელახლა იონიზაციას (რეიონიზაცია) მოახდენდა ისე, რომ მთელ ელექტრომაგნიტურ სპექტრში გავრცელებულიყო.

რეიონიზაციის ეპოქის წყალობით, დიდი აფეთქებიდან დაახლოებით მილიარდი წლის შემდეგ, სინათლე კიდევ ერთხელ აკაშკაშდა დაუბრკოლებლად.

ბუნებრივია, რომ ამ დაბინდული პერიოდის სამყაროს ახალგაზრდობის შესახებ ბევრის ცოდნა გვწადია; როგორ გაჩნდნენ ის პირველი ვარსკვლავები განთიადის ღრუბლებში, როგორ წარმოიქმნა გალაქტიკები, როგორ გაჩნდა სუპერმასიური შავი ხვრელები ასე სწრაფად, სამყაროს არსებობის პირველ რამდენიმე მილიონ წელიწადში. ასე შორეულ, იდუმალ დროში გახედვა ჯეიმს ვების ტელესკოპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

ვებს შეუძლია ახლო ინფრაწითელი და ინფრაწითელი სინათლის დაფიქსირება, თანაც იმაზე გაცილებით მაღალი რეზოლუციით, ვიდრე რომელიმე სხვა ტელესკოპს ოდესმე. შექმნილია იმისათვის, რომ დაიჭიროს და დააფიქსიროს ეს ძლიერ წითლად წანაცვლებული გალაქტიკები, რათა მეცნიერებმა ბოლოსდაბოლოს მიიღონ მაშინ მიმდინარე მოვლენათა დეტალური ხედი, თუ არა თავად კოსმოსური განთიადის, შემდეგ კი სულ მცირე რეიონიზაციის.

დონანისა და მისი კოლეგების განცხადებით, CEERS-93316 სულ მცირე ძლიერ ახლოს უნდა იყოს დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროს ერთ-ერთ უპირველეს გალაქტიკებთან. ამ მკრთალი, წითელი ნათებისთვის ჯგუფმა სხვა პოტენციური ახსნა უკვე გამორიცხა და როგორც მათი ანალიზები მიუთითებს, გალაქტიკის ამ კანდიდატში ვარსკვლავების წარმოქმნა დიდი აფეთქებიდან 120 – 220 მილიონი წლის შემდეგ უნდა დაწყებულიყო.

თუმცა, ობიექტის იდენტობის დასადასტურებლად საჭიროა შემდეგი სპექტროსკოპიული დაკვირვებები. იმედია, რომ ისინი წითელ წანაცვლებას დაადასტურებს; ამის შემდეგ, ობიექტი შემდეგი, გაცილებით დეტალური კვლევის საგანი უნდა გახდეს და დაგვეხმაროს ადრეული სამყაროს ობიექტთა აღწერაში.

თუ CEERS-93316 მართლაც გალაქტიკაა, ის დიდხანს ვერ შეინარჩუნებს სამყაროს ყველაზე შორეული გალაქტიკის სტატუსს, რადგან ჯეიმს ვების შესაძლებლობები ამ ეტაპზე მკვლევართა მოლოდინებსაც კი აჭარბებს.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი