ჯეიმს აპატურაი - გუგუტიანთკარში მავთულხლართების ინსტალაცია ქმნის დამატებით სირთულეებს, რადგან ადამიანებს თავიანთ მიწას, ოჯახებსა და მეგობრებისგან წყვეტს
სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოფელ გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება. ჯეიმს აპატურაი საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების აღმართვას უკანონოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ქმედებები ქმნის დამატებით სირთულეებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
„საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ქართულ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების ინსტალაცია და გადაადგილება. ეს ქმნის დამატებით სირთულეებს, რადგან ადამიანებს თავიანთ მიწას, ოჯახებსა და მეგობრებისგან წყვეტს. ეს ასევე არის უკანონო. ნატო კვლავ მოუწოდებს ამ საქმიანობის შეწყვეტისა და გაუქმებისკენ. ნატო აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.