ირაკლი ბერაია - გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა, ნატო-სთან თანამშრომლობის შესახებ ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში და გვყავდა ძალიან მნიშვნელოვანი მომხსენებელი ჯეიმს აპატურაი
ირაკლი ბერაია - გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა, ნატო-სთან თანამშრომლობის შესახებ ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში და გვყავდა ძალიან მნიშვნელოვანი მომხსენებელი ჯეიმს აპატურაი

დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა – ნატო-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში; გვყავდა ძალიან მნიშვნელოვანი მომხსენებელი, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ კომიტეტზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაის მოსმენის შემდეგ.

ბერაია აცხადებს, რომ აპატურაი ახალ ამპლუაში წარდგა კომიტეტის წინაშე. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ნატო-სთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

„ეს იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ პირობებში, როდესაც საქართველო, ჩვენი უსაფრთხოების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რეგიონში მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, აძლიერებს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობებს, აძლიერებს ეროვნულ მედეგობას ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ იმისთვის, რომ სტანდარტული კონვენციური მოქმედებების მიღმა წარმოებული ქმედებები იყოს აღკვეთილი და გაიზარდოს მათ მიმართ ჩვენი ქვეყნის ეროვნული მედეგობა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ბერაიას თქმით, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო-სთან თანამშრომლობას.

„ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, ვისაუბრეთ ასევე უსაფრთხოების არქიტექტურის შემდგომ გაძლიერებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების ზომების გაზრდაზე, ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გადაწყვეტილების დაჩქარების გადაუდებელ საჭიროებაზე. საქართველო არის ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, დღეს საქართველო ფლობს ნატო-ში გაწევრიანების ყველა ტაქტიკურ ინსტრუმენტს და არასოდეს ყოფილა ნატო-სთან ისე ახლოს, როგორც დღეს; ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი გამოცდილება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; ჩვენს ქვეყანას აქვს სურვილი, კიდევ უფრო განამტკიცოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება და საქართველო არის ერთგული ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპებისა და ღირებულებების განმტკიცების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი მოსახლეობის ურყევი ნება, როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.