ჯასტინ მაკკენზი სმიტი - დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება უკრაინაში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ძალიან შეშფოთებულია ამ დღეებში უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ, რაშიც დიდი ბრიტანეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
„ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ამ საკითხზე მსჯელობა იქნება ნიუ იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე და ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ.
მოვუწოდებთ ორივე მხარეს, იმოქმედონ დიდი სიფრთხილით. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ გემებს უკრაინულ პორტში შესვლის საშუალება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.
რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს.