ჯარიმების დიდოსტატი, სერბი ვეტერანი და მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა #1TVSPORT
ცნობილი სერბი ვეტერანი ფეხბურთელი და მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა. 53 წლის სპეციალისტს 2019 წლიდან ლეიკემია აწუხებდა. იგი ამ ავადმყოფობით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის გამო საავადმყოფოში მოათავსეს. მიხაილოვიჩის მდგომარეობა 10 დღის წინ მკვეთრად გაუარესდა და რომში გადაიყვანეს, სადაც კლინიკაში გარდაიცვალა.
სინიშა მიხაილოვიჩი 1969 წლის 20 თებერვალს ხორვატიაში, ვუკოვარში დაიბადა. მამით სერბმა და დედით ხორვატმა ფეხბურთელმა კარიერა მარცხენა გარემარბად დაიწყო, იტალიაში დაცვაში გადაიყვანეს და კარიერის ბოლომდე ამ პოზიციაზე ითამაშა. იუგოსლავიის ნაკრებში მიხაილოვიჩმა 63 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ითამაშა 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
სინიშამ კარიერის უმეტესი ნაწილი იტალიაში გაატარა, სადაც თამაშობდა „რომაში“, „სამპდორიაში“, „ლაციოსა“ და „ინტერში“. ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო იტალიის თასი და სუპერთასი. რომაული კლუბის შემადგენლობაში ის გახდა თასების მფლობელთა თასის მფლობელი. ეროვნულ ნაკრებში (იუგოსლავიის ჩათვლით) 63 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
სინიშა მიხაილოვიჩი ცნობილი იყო, როგორც საჯარიმო დარტყმის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე კრეატიული შემსრულებელი. ის და ჯუზეპე სინიორი სერია A-ს ერთადერთი მოთამაშეები არიან, რომლებმაც ერთ თამაშში სამი გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანეს. მიხაილოვიჩი, ანდრეა პირლოსთან ერთად, რეკორდსმენია სერია A-ში საჯარიმო დარტყმებიდან გატანილი გოლების რაოდენობით.
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მიხაილოვიჩი „ინტერში“ მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ამ დროის განმავლობაში მან ორჯერ - სერია A-ს ტიტული, ერთხელ კი იტალიის სუპერთასი მოიგო. ასევე იყო „ბოლონიას“, „კატანიას“, „ფიორენტინას“, „სამპდორიას“, „მილანის“, „ტორინოს“, ლისაბონის „სპორტინგისა“ და სერბეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი.
სინიშა მიხაილოვიჩი დაქორწინებული იყო ცნობილ იტალიელ ტელეწამყვანზე, არიანა რაპაჩიონიზე, რომელთანაც ხუთი შვილი ჰყავს. სამოქალაქო ქორწინება რომში 1996 წელს გაიმართა, 2005 წელს კი ჯვარი დაიწერეს სრემსკი კარლოვსის მონასტერში. ცნობილია, რომ მათ საქორწილო მოსაწვევებში ყველას მიმართეს, საჩუქრების მიტანის ნაცვლად, სრემსკი კარლოვსის ბავშვთა სახლს დახმარებოდნენ.
2019 წლის დეკემბერში სინიშა მიხაილოვიჩი ბოლონიის საპატიო მოქალაქე გახდა.