ჯანო ანანიძეს ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი არ აშინებს, „სპარტაკის“ კაპიტნად კი გიორგი ჯიქიას ემხრობა
ჯანო ანანიძე აცხადებს, რომ რუსეთის ჩემპიონატში უცხოელ ფეხბურთელებზე გამკაცრებული ლიმიტი არ აწუხებს. საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ქართველი ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ გუნდის საუკეთესო ლეგიონერებში მოხვდება.
2020-2021 სეზონიდან რუსეთის პრემიერლიგაში ლეგიონერებზე ლიმიტი გაამკაცრეს და კლუბს განაცხადში არა უმეტეს რვა უცხოელი ფეხბურთელის შეყვანის უფლება დაუტოვეს.
„რა თქმა უნდა, წინა ლიმიტი ჩემთვის უკეთესი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს და ნეგატიური რეაქცია არ მქონია. რაც არის, არის. გადაწყვეტილება მიღებულია. მე, ფეხბურთელს რა შემიძლია შევცვალო? ასე რომ, „სპარტაკში“ დასარჩენად რვა საუკეთესო ლეგიონერში უნდა მოვხვდე. საამისოდ მზად ვარ, პრობლემა არაა და ჩემთვის სულ ერთია, რა ლიმიტს დააწესებენ“, – განაცხადა ანანიძემ.
საქართველოს ნაკრების 26 წლის ფეხბურთელმა მოსკოვის „სპარტაკში“ კაპიტნის ვაკანტურ პოსტზე საკუთარი ფავორიტი დაასახელა – ანანიძე მხარს რუსეთის ნაკრების ქართველს მცველს, გიორგი ჯიქიას უჭერს.
„არ დავმალავ, რომ ჯიქიას კანდიდატურას ვემხრობი. გუნდიდან ჩვენი კაპიტანი წავიდა, გიორგი კი ვიცე-კაპიტანი იყო და ამიტომ სამკლაური ჯიქიამ უნდა ატაროს. მას აქვს ძალიან ძლიერი ხასიათი, გუნდს ყოველთვის კარნახობს და ბიჭებისთვის მოტივატორია. მიმაჩნია, რომ ჯიქიამ თავისი თამაშით დაამტკიცა, „სპარტაკის“ კაპიტნობას რომ იმსახურებს“, – აცხადებს ანანიძე.