ჯანო ანანიძის გუნდს, მოსკოვის „სპარტაკს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „წითლებს“ „შალკე 04“-ის ყოფილი დამრიგებელი დომენიკო ტედესკო გაწვრთნის.
ტედესკო წარმოშობით იტალიელია, რომლის ოჯახიც გერმანიაში გადასახლდა. მამამისი გაზეთის გამომცემელი გახლდათ, ხოლო თავად სწავლის საფასურსი გადასახდელად, გაზეთების გავრცელებაში მუშაობდა. 34 წლის ტედესკო იმითაა ცნობილი, რომ ფეხბურთელის კარიერით თავს ვერ მოიწონებს – ის მხოლოდ რანგით მე-9 ლიგის გერმანულ კლუბში თამაშობდა და სპორტული ჟურნალისტი გახლდათ.
მწვრთნელობა 2008 წელს „შტუტგარტის“ აკადემიაში დაიწყო. 2016 წელს პროფ ლიცენზიაზე სწავლებისას მაღალი შეფასება მიიღო და პროფესიული კლუბები ჩააბარეს: 2017 წელს „ერცგებირგე“, 2017-2019 „შალკე“, ხოლო ახლა მოსკოვის „სპარტაკი“. 2017/18 წლების სეზონში, მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა.
2019 წლის 15 მარტს ტედესკო გაათავისუფლეს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მისმა გუნდმა „მანჩესტერ სიტისთან“ სამარცხვინოდ წააგო – 0:7. ტედესკო რუსულ მედიაში „ლეპტოპ-მწვრთნელთა“ თაობის წარმომადგენლად მონათლეს.
შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძეს „სპარტაკის“ ყოფილი მწვრთნელი ოლეგ კონონოვი არ წყალობდა. ბელარუსმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯერ სამარის „კრილია სოვეტოვში” იჯარით გაუშვა, წელს კი შემადგენლობაში შანსი არ მისცა და მხოლოდ შეცვლებზე ათამაშებდა.
მოსკოველები 12 ტურის შემდეგ რუსეთის პრემიერ ლიგაში მე -12 ადგილზე არიან. რუსეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, 10 ოქტომბერს, „სპარტაკი“ საკუთარ მოედანზე „რუბინს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 19 ოქტომბერს გაიმართება.