ჯანო ანანიძე „სპარტაკზე“ ღიად ლაპარაკობს - როგორ ჩაგრავდნენ და რატომ დაუმალეს „არსენალის“ მიწვევა
ჯანო ანანიძე „სპარტაკზე“ ღიად ლაპარაკობს - როგორ ჩაგრავდნენ და რატომ დაუმალეს „არსენალის“ მიწვევა

ჯანო ანანიძე სეზონის ბოლომდე იჯარით სამარის „კრილია სოვეტოვში“ ითამაშებს, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველს ინტერვიუ გამომცემლობა „ჩემპიონატმა“ (championat) ჩამოართვა, სადაც 26 წლის ფეხბურთელი განვლილ პერიოდზე ბევრ საინტერესო ამბავს იხსენებს.

„მოსკოვის „სპარტაკში“ ხშირად ხდებოდა, კარგ ფორმაში მყოფს არ მათამაშებდნენ. ეს მანადგურებდა და ახლაც მანადგურებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისე ძლიერად აღარ, როგორც ადრე. ამაზე ხშირად მიფიქრია, მაგრამ პასუხი არ მაქვს, ჩემს მიმართ ასეთი დამოკიდებულება რატომ იყო. ჯანო სუსტია, ამბობდნენ. მწვრთნელები მართლა ასე თუ ფიქრობენ, რომ ფეხბურთი მხოლოდ დიდებისა და ძლიერებისთვისაა, სალაპარაკო აღარაფერია. 90 წუთს ჩემი ტანის რამდენი ფეხბურთელი თამაშობს?! მოდრიჩი, სილვა, მატა და კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება“, – ამბობს ანანიძე.

ჯანომ უამრავი ტრავმა და არაერთი ოპერაცია გადაიტანა და ამასაც შეეხო – „საშინელებაა იმის მოსმენა, რომ თურმე, ჯანო „ბროლისაა“. „როსტოვსა“ და საქართველოს ნაკრებში 90 წუთს ვთამაშობდი, არ ვიმტვრეოდი და მხოლოდ „სპარტაკისთვის“ არ ვიყავი მზად? ვხვდები, რომ ბევრი პრობლემა სწორედ ამის გამო იქმნებოდა – რითმის შეგრძნების საშუალებას არ მაძლევდნენ. ერთი თამაშის შემდეგ ხუთჯერ სათადარიგოებში ჯდომას ვერავინ აიტანს. ფეხბურთელს ასე არ უნდა მოექცე. იყო უფრო მძიმე შემთხვევებიც. კოჭი ტკივილის გამო თამაში არ შემეძლო, სამედიცინო დასკვნაში კი ყველაფერი რიგზე იყო. მოვიარე მოსკოვისა და იტალიის კლინიკები და – არაფერი! ექიმებმა დამაბრალეს, „სიმულანტი ხარ და თამაში არ გსურს“. „არ მინდა თამაში? რატომ? მართლა მტკივა!“ ბოლოს ფინეთში, პროფესორთან გავესინჯე და აღმოჩნდა, რომ ორივე მყესი გაწყვეტილი მქონია. სხვათა შორის, ის ექიმები ამ ფაქტის შემდეგ გაათავისუფლეს“.

ჯანო ანანიძე იხსენებს ეპიზოდებს, როდესაც დაჩაგრეს – „ყველაზე საწყენი იყო, როდესაც მატჩის წინ ძირითადში ვიყავი, მოედანზე გასახურებლად გასული კი ვიგებდი, რომ ისევ თადარიგში დამტოვეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დამჩაგრეს“.

26 წლის ფეხბურთელი დარწმუნებულია, ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეცვლაზე რუსებს უარი უთხრა – „რომ არა ლეგიონერის სტატუსი, „სპარტაკში“ 130 მატჩის ნაცვლად, 250 დამიგროვდებოდა. ჯერ კიდევ 16 წლისას მთავაზობდნენ რუსულ პასპორტს, მაგრამ არავის მოტყუება და გამორჩენისთვის სამშობლოს შეცვლა არ მინდოდა. ვცხოვრობდი საქართველოში, ვთამაშობდი მის ყველა ნაკრებში და უბრალოდ, მიყვარს ჩემი ქვეყანა. ასე რომ, სხვა ვარიანტები არც განიხილებოდა“.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იხსენებს, რომ ლონდონის „არსენალის“ წინადადება დაუმალეს –

„სამარაში ინგლისურის მასწავლებლის აყვანა გადავწყვიტე, რათა საინტერესო ხალხთან ურთიერთობა შევძლო. ის კარიერაშიც გამომადგება – სულ ახლახან იყო, რომ ჰოლანდიურ „ვიტესში“ ტრანსფერი ჩამეშალა. ინტერესი სხვა ქვეყნებიდანაც ყოფილა. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ წინადადება ლონდონის „არსენალიდანაც“ იყო, მაგრამ ამის შესახებ არაფერი მითხრეს. დანამდვილებით შემიძლია ის ვთქვა, რომ „ვალენსიაც“ მიწვევდა, რომელიც მაშინ მაგარი გუნდი იყო, მაგრამ „სპარტაკში“ გადაწყვიტეს, რომ არ უნდა წავსულიყავი“.