ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დაიწყო. შეჯიბრზე, რომელიც 5-6 თებერვალს იმართება, საქართველოს ნაკრების სახელით ექვსი სპორტსმენი გამოდის. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდიდან სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა და სამივე მათგანი ფინალურ ბლოკში გავიდა.
60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ სპორტსმენს, კარამატ ჰუსეინოვს სუფთა გამარჯვებით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუპოვა.
ასევე წარმატებულად გამოვიდა პარიზის გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის ფრანგი დაიკი ბუბა ულამაზესი ილეთით დაამარცხა და ჩვენს გუნდს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში 73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრი, 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი, პარიზის გრანდ სლემის პირველი ნომერი ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იჭიდავებს. ქართველმა ნახევარფინალში უზბეკი მეტოქე აკხადოვი ყვითელი ბარათებით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან იბრძოლებს.