ივერი მელაშვილი - ჩემი ღრმა რწმენით, მამუკა არეშიძე პოლიტიკოსია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს
ივერი მელაშვილი - ჩემი ღრმა რწმენით, მამუკა არეშიძე პოლიტიკოსია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს

დავით გარეჯის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ივერი მელაშვილის განცხადებით, შეხვედრა, რასთან დაკავშირებითაც დღეს ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ისაუბრა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შედგა, რომელსაც თავადაც ესწრებოდა.

მისივე შეფასებით, მამუკა არეშიძე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

„ვერ დავეთანხმები მამუკა არეშიძეს, შეხვედრა იყო მინისტრის მოადგილესთან, დავით ჯალაღანიასთან. მისი დავალების გარეშე არც შეხვედრაზე და არც ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე, ამ თემებზე საუბარი მე არ შემეძლებოდა. კარგად მახსოვს, შეხვედრა იყო მინისტრის მოადგილესთან. მაშინ ვისაუბრეთ გარკვეულ თემებზე. ვწუხვარ, თუ ასეთი შთაბეჭდილება დარჩა მას, რომ რაღაცა დეტალებს არ ვუმხელდი. არის თემები, რაზეც თავისუფლად საუბრობ, თავისუფლად ანდობ ადამიანს, ეუბნები და ამას გაგება უნდა. ბოლო-ბოლო, მე რაც ვუთხარი, ის ვუთხარი და სწორად ვუთხარი, თუ ვერ გაიგო, რა ვქნა? ჩემი ღრმა რწმენით, მამუკა არეშიძე პოლიტიკოსია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

მელაშვილის თქმით, პირველად მდგომარეობა 2005 წელს დაიძაბა, როცა ჩიჩხიტურის კოშკთან მოხდა აზერბაიჯანელების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება.

„პირველად მდგომარეობა 2005 წელს დაიძაბა, მან ეს ყველაფერი მოყოლით იცის, თავად არ არის ამის მცოდნე. მან ყველაფერი გადმოცემით იცის ვიღაცისგან და იხსენებს ამას. რამდენად ზუსტად იხსენებს, თავს ვერ დავდებ. მე ნამდვილად ვიცი, რომ პირველად, როდესაც ჩიჩხიტურის კოშკთან მოხდა აზერბაიჯანელების მიერ ჩვენი მოქალაქეების დაკავება, ეს იყო 2005 წელს. დაიწყო ლაპარაკი რუკებზე, რელევანტურობაზე, თუმცა როგორც თავადვე თქვა, ვერ ერკვევა რუკებში. ჩემი აზრით, თუ ამბობს ვინმე რაღაცას, უნდა თქვას პოზიცია, თქვა ერთი, მერე გაიქცა უკან. მე ვინ ვიყავი მაშინ? სამსახურის ხელმძღვანელი. ეს შეხვედრა იყო მინისტრის მოადგილესთან და სხვა ინფორმაცია სხვანაირად თქვა, ეს არ არის სწორი. თუ რუკებზე იწყებს ადამიანი საუბარს, თქვას, რას ეფუძნება ეს მოსაზრება“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ.

ამასთან, ივერი მელაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებული ყველა ბრალდება უსაფუძვლოა.

„ამ საქმეში სამართლიანადაა ყველაფერი, კომისიას არაფერი დაუშავებია, ყველა ბრალდება უსაფუძვლოა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული. კომისია პოლიტიკურად არ მსჯელობდა. არვიცი, რა მოლოდინი შეიძლება, მქონდეს სიმართლე არის ჩვენს მხარეს, გადაცდენა კომისიაში არ ყოფილა. მთავარ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისგან რა თქმა უნდა არ მქონია დავალება, დანაშაული არ არსებობს“, – აღნიშნა ივერი მელაშვილმა.

შეგახსენებთ, ექსპერტმა მამუკა არეშიძემ დღეს სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2007 წელს, როგორც კი გაიგო, რომ გაჭირდა მიმოსვლა, გარეჯში ჩავიდა.

მისივე თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან კითხვები ჰქონდა, თუმცა პასუხები ვერ მიიღო. ამასთან, მამუკა არეშიძემ ივერი მელაშვილთან შეხვედრა გაიხსენა: „მე და ჩემი ჯგუფი მაშინ რუსეთ-საქართველოს საზღვრებზე ვმუშაობდით. კერძოდ, მამისონის მონაკვეთზე. მაშინ შევხვდით მის კაბინეტში, ცოტა უხერხულია ჩემგან ამის თქმა, მაგრამ მელაშვილმა გვაგრძნობინა, რომ ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები და საქმე ის არის, რომ ეს დიდი პოლიტიკის თემა იყო. ჩვენ იქიდან წამოვედით ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.

ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ამასთან, პროკურატურამ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.